რეზონანსი
17.10.2023

„სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა და შეურაცხყოფას აყენებდა საკონსტიტუციო სასამართლოს (ამხელა რანგის ინსტიტუტს) დეპუტატებს და ამ დროს, თან ითხოვდა პატივისცემას მისი მიმართ, პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. წარმოიდგინეთ, გუშინ პრეზიდენტის როგორ პარადოქსულ სიტუაციაში იყო”, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის” წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი” განაცხადა.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, არავის  უნდა დაავიწყდეს, სალომე ზურაბიშვილი ის პრეზიდენტია, რომელსაც ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ დაუდგინა, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია.

„იცით, რა იყო პარადოქსული? სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა და შეურაცხყოფას აყენებდა საკონსტიტუციო სასამართლოს (ამხელა რანგის ინსტიტუტს) დეპუტატებს და ამ დროს, თან ითხოვდა პატივისცემას მისი მიმართ, პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. წარმოიდგინეთ, გუშინ პრეზიდენტის როგორ პარადოქსულ სიტუაციაში იყო. ძალიან დიდი ხანია რაც იგი საქართველოში ჩამოვიდა, მას შემდეგ ვუყურებ, ვიცნობ კიდეც და სიმართლე გითხრათ, მე ასეთი აღელვებული და განერვიულებული პრეზიდენტი არ მინახავს, ის იყო აბსოლუტურად წყობიდან გამოსული, რაც ბუნებრივია.

მაგრამ, მე მაქვს კითხვა – არ ელოდა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას? რა იყო მოულოდნელი ამ ვერდიქტში? როდესაც ვუსმენდით და ვუყურებდით ყველანი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს, რომელიც საჯარო და ღია იყო ყველასთვის, პირველკურსელებისათვისაც მარტივად გასაგები იყო, ის რასაც იქ ამბობდნენ. თავად პრეზიდენტის წარმომადგენლებმა – ჩუგოშვილმა და კოპალეიშვილმა, თავიანთი გამოსვლებით დაადანაშაულეს პრეზიდენტი. მათი გადმოცემით, რასაც ისინი ჰყვებოდნენ და რა ფაქტებიც მოჰყავდათ, პირველ რიგში, თავად გამოუტანეს ვერდიქტი პრეზიდენტს და თავად თქვეს, რომ ფაქტობრივად, პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია.

სასამართლოს ვერდიქტამდე გამოიტანეს მათ განაჩენი, თავიანთი წამგზავნელისგან, ეს იყო ყველაზე სასაცილო იმ პროცესებში.

ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, იცით რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი? დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მე მაგალითად, არ მახსოვს, საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქცია როდესმე ასეთი მნიშვნელოვანი ყოფილიყო, თავისი სათქმელი ეთქვა, რომ განსაკუთრებული გადაწყვეტილება მიეღო და დაგვენახა, გარდა იმისა, რაც ფურცელზე წერია, რომ ეს არის კონსტიტუციის დამცველი და  ყველაზე მაღლა მდგომი სასამართლო. პირველად ვნახეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თურმე ჰქონია ფუნქცია და მან სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის დარღვევა არ აპატია თვით კონსტიტუციის დამცველს, კონსტიტუციით ყველაზე მაღალ პირს – პრეზიდენტს და  გამოუტანა დადანაშაულების ვერდიქტი.

რა მოხდება ხვალ პარლამენტში? ეყოფათ თუ არა ხმები, დარჩება თუ არა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. მე მაგალითად, მის ადგილზე რომ ვიყო, ძალიან შემრცხვებოდა. თუმცა გავანებოთ  თავის სალომე ზურაბიშვილს და შიდა პოლიტიკურ სპექტრს, რომელსაც ნამდვილად არ აქვს თავმოყვარეობა (ამ ოპოზიციის დიდ ნაწილზე ვსაუბრობ და არა ყველაზე). მე მაინტერესებს, საერთაშორისო ორგანიზაციები, უცხოელი დიპლომატები, საერთაშორისო ეს პოლიტიკური ლიდერშიპი, რომელთა დიდი ნაწილი ოპოზიციის ლობისტები არიან, რომელი გაბედავს, რომელს ეყოფა ვაჟკაცობა და ბრალდებულ პრეზიდენტთან ისევ დაიწყებენ პოლიტიკურ ურთიერთობას.

რა თქმა უნდა, მათ ექნებათ მიზეზი და იტყვიან, რომ ის პრეზიდენტია, მას იმპიჩმენტი ვერ მოუწყვეს (თუკი ხვალ ხმები არ ეყოთ პარლამენტში) მაგრამ ეს ის პრეზიდენტია, რომელსაც ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ დაუდგინა, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია. სხვა რა დანაშაული შეიძლება ჩაიდინოს პრეზიდენტმა? კაცს ხომ არ მოკლავდა? ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლებოდა ჩაედინა, ჩაიდინა – რაზედაც ფიცი დადო, ის დაარღვია”, – განაცხადა ჩიბურდანიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×