რეზონანსი
17.10.2023

გვეტყობა ჩვენ, რომ ან ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის?! სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ერთპროცენტიანი რეიტინგი როცა ოპოზიციაში იყო. „ქართულმა ოცნებამ" მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად, საკუთარი რეიტინგის დამსახურებით, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც თუ როგორ გააგრძელებს ის პოლიტიკურ მოღვაწეობას, როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი თუ როგორც პრეზიდენტი, ახლო მომავალში გადაწყდება.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ქმედებების არაკონსტიტუციურობის დადგენის ფაქტი ერთის მხრივ გულდასაწყვეტია, თუმცა მეორე მხრივ აჩვენებს ქვეყნის დემოკრატიულობასა და ევროპელობას.

„გვეტყობა ჩვენ, რომ ან ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის?! შევახსენებ ყველას, რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ერთპროცენტიანი რეიტინგი როცა ოპოზიციაში იყო. „ქართულმა ოცნებამ" მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად, „ქართული ოცნების" რეიტინგის დამსახურებით. მე შევაფასე ეს ფაქტი და მოვლენა, რაც, რა თქმა უნდა ერთი მხრივ შეიძლება იყოს გულდასაწყვეტი ფაქტი, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ვაჩვენეთ დემოკრატიულობა, ევროპელობა. ჩვენ ვაჩვენეთ ის, რომ ამ ქვეყანაში არავინ დგას კანონზე მაღლა. გასაგებია, ის სამი მოსამართლე ალბათ მიკერძოებულია თავიანთ შეფასებებში, მაგრამ მე არ განვსჯი. გეტყვით, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა. ხედავთ რა ხდება დღეს მსოფლიოში. ურთულესი მდგომარეობაა. უკრაინა, ახლა ისრაელი. ისრაელში მიმდინარე მოვლენები არიას ძალიან შემაწუხებელი და ძალიან რთული გამოწვევა არამხოლოდ იმ რეგიონის, არამედ მას მთელს მსოფლიოზე ექნება დიდი გავლენა. ასე რომ, ჩვენ მთავარი ყურადღება უნდა მივმართოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის განმტკიცებაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, კეთილდღეობაზე. ეს სჭირდება ჩვენს ხალხს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×