რეზონანსი
16.10.2023

„აშშ და უკრაინა უნდა შეეცადნონ ცეცხლისა და ომის შეწყვეტას რუსეთთან, სანამ კიევის სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა ჯერ კიდევ სტაბილურია და სანამ ვაშინგტონს მისთვის აქტიური დახმარების გაწევა ჯერ კიდევ შეუძლია“, - ნათქვამია გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში, სათაურით „ომი ისრაელსა და ღაზას შორის უკრაინისთვის რთულ არჩევანს წარმოადგენს“ (ავტორი - როს დოუთათი). მასალაში ვარაუდია გამოთქმული, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე კონფლიქტი აშშ-ის დახმარების გადამისამართებას გამოიწვევს - „ვაშინგტონის ყურადღება უკრაინიდან ისრაელზე გადავა“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„ბოლო ორი წლის განმავლობაში კიევისადმი ამერიკული დახმარების გაწევის დროს ეჭვები ჩნდებოდა, რომ ვაშინგტონი, უკრაინისათვის იარაღის მიწოდებით, ჩინეთს ვეღარ შეაკავებდა წყნარი ოკეანის რეგიონში, მაგრამ ახლა სიტუაცია იცვლება: თუ ადრე ახლო აღმოსავლეთის სიტუაცია უკრაინის ამბებში დიდ როლს არ ასრულებდა, დღეს აშშ-ის რესურსებს ახალი მთხოვნელი და მომხმარებელი გამოუჩნდა - ისრაელი“, - წერს ავტორი.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, „რა თქმა უნდა, ვაშინგტონის დაინტერესება - შეაჩეროს რუსეთის ამბიციები - არ გაქრება იმ დროსაც კი, როცა აშშ-ის ახლოაღმოსავლელი მთავარი მოკავშირე „ჰამასთან“ ომის დაწყებისათვის ემზადება. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ უკრაინისათვის ამერიკული სამხედრო დახმარების რაოდენობა და ხარისხი შეიძლება დაზარალდეს. და კიდევ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია: არის ვარაუდი, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ დაპირისპირება თეთრი სახლის ყურადღებას მთლიანად მიიპყრობს, რაც კიევისათვის წამგებიანი იქნება.

ახლო აღმოსავლეთში ე.წ. „არაპირდაპირი ომის“ წარმოება („ომი ომში ჩაბმის გარეშე“) შეიძლება ამერიკისათვის ყველაზე საშიში ეგზისტენციური საფრთხედ იქცეს „ცივი ომის“ დასრულებიდან.

როცა გასული წლის შემოდგომაზე უკრაინელებმა მოულოდნელად წარმატებული შეტევა განახორციელეს და ტერიტორიები დაიბრუნეს, გაჩნდა გონივრული საფუძველი იმისა, რომ რუსეთი შეიძლება იძულებული გამხდარიყო სამშვიდობო ხელშეკრულება გაეფორმებინა, ანუ უკრაინა თავის სურვილს შეისრულებდა. მაგრამ რეალობამ სხვა სიტუაცია გვაჩვენა: ბოლო 10 თვის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზი თითქმის არ შეცვლილა, ხოლო რუსეთის ეკონომიკა უფრო მდგრადი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ვაშინგტონი და კიევი განიხილავდნენ. უკრაინის გამარჯვების სტრატეგია ახლა მხოლოდ სამი სიტყვით შეიძლება გამოიხატოს: „გამოფიტვა, დრო და იმედი“. მაგრამ ასეთ სიტუაციაშიც კი, თუ უკრაინის შესაძლებლობებს და კონტრშეტევის თითქმის ჩაშლას გავითვალისწინებთ, პირველ რიგში, ალბათ, მხოლოდ კიევი წააგებს.

შესაბამისად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას და თვითონ კიევსაც ამჟამად აქვთ იმის სტიმული, რომ ახლავე შეეცადნონ ცეცხლის შეწყვეტას, სანამ მათი სამხედრო მდგომარეობა ჯერ კიდევ სტაბილურია, სანამ კიევს ფულიც ჯერ კიდევ მიეწოდება და დემოგრაფიული კატასტროფის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შეიძლება (ლტოლვილებისა და მიგრანტების უკან დაბრუნების თვალსაზრისით).

ალტერნატივა კიევისთვის „ფრონტის რამდენიმე მდგომარეობით“ გამოიხატება: ა) ჰქონდეს იმის იმედი, რომ ახლო აღმოსავლეთის კრიზისი არ შთანთქავს მთელ ამერიკულ იარაღს და მთლიანად არ მიიპყრობს ყურადღებას; ბ) არ გამოიწვევს ისეთ დაღლილობას უკრაინის ომით, როგორიც პოლონეთში შეიმჩნევა (და აშშ-ის კონგრესშიც, უფრო მეტად კი წარმომადგენელთა პალატაში); გ) აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გახდება; დ) წყნარი ოკეანის რეგიონში რაიმე დრამატული კრიზისი არ დაიწყება.

საწინააღმდეგო მომენტი კი შეიძლება ასეთნაირად გამოიხატოს: რუსეთს შეუძლია შექმნილ ლანდშაფტს თავისი თვალით გადახედოს, სიტუაცია თავისებურად შეაფასოს, დაინახოს საკუთარი პოტენციური უპირატესობა და უბრალოდ, უარი თქვას გარიგების დადებაზე. ანუ აიძულოს ამერიკა არჩევანი გააკეთოს უკრაინასა და ისრაელს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ. და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოსკოვი, თეირანი და პეკინი ერთმანეთთან არიან შეკრულნი - ამერიკაზე მაქსიმალური ზეწოლის მოხდენის მიზნით, მაშინ შესაძლებელია, რომ თეთრი სახლის მიერ გაკეთებული არჩევანი [ისრაელზე] სწორედ კრემლის სასარგებლო იქნება.

მაგრამ ჩვენი მტრების ინტერესთა კავშირი მაინც სუსტია. თუ რუსეთისთვის უკრაინასთან ზავი მომგებიანი იქნება, კრემლი, ალბათ, არ მოისურვებს ომის გაგრძელებას მხოლოდ იმისთვის, რომ ჩინეთი გაძლიერდეს, ხოლო ამერიკა ახლო აღმოსავლეთში დასუსტდეს. რუსეთს ახლა მსგავსი გარიგება დადება აწყობს იმის გამოც, რომ კრემლს შიდა სტაბილურობა და მოსახლეობის ლოალობა ჭირდება (იმის ფონზე, რომ ვლადიმერ პუტინმა უკვე გადაიტანა გადატრიალების უცნაური მცდელობა). კრემლს, ალბათ, სურს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ტრიუმფალურ გამარჯვებას“ მიაღწიოს. გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის გრძელვადიან ინტერესებში არანაირად არ შედის ჩინეთის წინაშე „დაჩოქება“ და პეკინის გავლენის გაძლიერება რუსულ ეკონომიკაზე.

„შესაძლოა ის, რაც ვთქვი, არ ქმნის მოლაპარაკების დაწყებისათვის საკმარის ნიადაგს - მე არ მაქვს მოსკოვთან კულისებსმიღმა კავშირი, მაგრამ თუ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია არ შეეცდება შექმნილი სიტუაციის ჯეროვნად გამოყენებას და არ დაიწყებს ამ მომენტში ზავის დადების გზების ძიებას, მაშინ გამოდის, რომ თეთრი სახლი მის წინაშე მდგარ ამოცანებს (და მოულოდნელად გაჩენილ პრობლემებს) არასწორად აფასებს“, - ასკვნის ავტორი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×