რეზონანსი
16.10.2023

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია სრულფასოვნად განახორციელოს თავისი უფლებამოსილება, თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა პარლამენტში კენჭისყრაზე არ დადასტურდება.

მისივე თქმით, პრეზიდენტისთვის ყოველგვარი მოწოდება, გადადგომასთან დაკავშირებით, მიანიშნებს კონსტიტუციური დათქმების არასწორ აღქმაზე.

შესაბამისი განცხადებით მაია კოპალეიშვილი „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი დღეიდან მხოლოდ ფორმალურად განიხილება საქართველოს პრეზიდენტად.

კოპალეიშვილის თქმით, ყოველგვარი მოწოდება გადადგომასთან დაკავშირებით ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციის 48-ე მუხლი არასწორად აქვთ აღქმული შესაბამის დაინტერესებულ პირებს.

„ბატონ ირაკლის ვურჩევდი კონსტიტუციის 48-ე მუხლის გადახედვას. საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლი დასაშვებად მიიჩნევს, იმ შემთხვევაში თუ თავად პარლამენტი არ უყრის კენჭს პრეზიდენტის გადადგომას და გადაყენებას დაკავებული თანამდებობიდან, ის ჩვეულებრივად აგრძელებს თავისი სტატუსის ფარგლებში საქმიანობას, როგორც სახელმწიფოს მეთაური და როგორც მთავარსარდალი.

აქედან გამომდინარე, ყოველგვარი მოწოდება გადადგომასთან დაკავშირებით ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციის 48-ე მუხლი არასწორად აქვთ აღქმული შესაბამის დაინტერესებულ პირებს.

მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ამას უშვებს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა", - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ისტორიულ მოვლენას თავი ვერ გაართვა,

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ისტორიულ მოვლენას თავი ვერ გაართვა, ამ პროცესიად ღირსეულად ვერ გამოვიდა და მთლიანად მოექცა პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ", - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×