რეზონანსი
16.10.2023

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლებმა თამარ ჩუგოშვილმა და მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, რომ ისინი არ ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას ტენდენციურად მიიჩნევენ.

„ჩვენ არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით დასკვნას. დეტალურად წაკითხვა ვერ მოხერხდა, დროის სიმცირის გამო, თუმცა, გადავხედეთ ძირითად გარემოებებს, ძირითადად დასაბუთებებს და დასკვნა არის ტენდენციური. ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად, ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები იქამდე, რომ რაიმე ცვლილებაც კი არ შეიტანა მათ მოსაზრებებში, ტერმინებში. უბრალოდ შეავსო გარკვეული განმარტებებით. პრეზიდენტის უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში მთლიანად, აბსოლუტურად ყველა საკითხში, ყველა მიმართულებით მოაქცია 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტში. საკონსტიტუციო სასამართლომ იმაზეც არ შეიწუხა თავი, რომ გარკვეული დიფერენცირება გაეკეთებინა, ვთქვათ რა შეიძლებოდა გაეკეთებინა პრეზიდენტს ამ მუხლის მიღმა და აქვს თუ არა საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტს მინიმალური ურთიერთობების განხორციელების შესაძლებლობა. საკონსტიტუციო სასამართლო ფაქტობრივად ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში. მან სამართლებრივი არგუმენტაცია თავისი გაგებით კი ჩამოაყალიბა, გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილში, თუმცა თუ გადახედავთ დასაბუთებას, აშკარად დაინახავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ძირითად არგუმენტებს მაინც აკეთებს იმ ხედვაზე და იმედი აქვს, რომ პარლამენტში სრულდება ეს პროცესი და შესაძლოა პარლამენტმა არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლოდან ნამდვილად მეტს მოველოდი, მქონდა რწმენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დადგებოდა იმაზე მაღლა, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკური მდგენელია ამ საქმეში და მიიღებდა სამართლიან გადაწყვეტილებას სწორედ კონსტიტუციური ნორმების სწორი განმარტების შედეგად", - აღნიშნა პრეზიდენტის წარმომადგენელმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით დღეს გამოაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×