რეზონანსი
16.10.2023

პაციენტების, ასევე ბიუჯეტიდან თანხების სწორად ხარჯვის დასაზღვევად, გვინდა, რომ მედიკამენტების პირდაპირი წესით შესყიდვები საკანონმდებლო ჩარჩოში მოვაქციოთ და კანონში ჩავწეროთ, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მედიკამენტების პირდაპირი წესით შესყიდვას ისეთ შემთხვევაში მიმართავენ, როცა იშვიათი დაავადების სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტზე, სხვადასხვა მიზეზის გამო, რეფერენტული ფასის განსაზღვრა შეუძლებელია.

„პარლამენტში, კომიტეტებში მიმდინარეობს განხილვა ეგრეთ წოდებულ, MEA-ს ტიპის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით. რეფერენტული ფასების რეფორმა როცა დავიწყეთ, საკონსულტაციო ჯგუფს ჰქონდა რეკომენდაცია, რომ პირდაპირი შესყიდვის გზით წავსულიყავით, უშუალოდ მწარმოებლებთან გვქონოდა მოლაპარაკება ყველა ძვირად ღირებული, იშვიათი, ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვაზე, რომლებზეც, სხვადასხვა მიზეზის გამო, რეფერენტული ფასის განსაზღვრა შეუძლებელი იყო. დღეს მსგავსი შესყიდვები ისედაც გვაქვს სამინისტროში, მაგალითად, ეს ეხება ინსულინის მარაგების შეძენას, იშვიათი დაავადებების მედიკამენტების შესყიდვას. გვინდა, რომ მსგავსი შესყიდვები საკანონმდებლო ჩარჩოში მოვაქციოთ და ამ ტიპის შესყიდვაზე კანონში ჩავწეროთ, რათა ყოველ ჯერზე ცალ-ცალკე არ იყოს შესათანხმებელი. აქედან გამომდინარეა კანონში ცვლილებები.

ვინაიდან ამის განხილვებს ბევრი სპეკულაცია მოჰყვა, მინდა, ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტი გაგახსენოთ. წლის დასაწყისში, როცა რეფერენტული ფასები შემოვიტანეთ, სამწუხარო ფაქტი იყო, როცა ხუთმა კომპანიამ ერთსა და იმავე მედიკამენტზე ერთი თეთრის სიზუსტით შემოგვთავაზა ფასები. სამწუხაროდ, ეს ფასები შეეხებოდა ონკოლოგიური დაავადების სამკურნალო მედიკამენტებს და სამჯერ, ოთხჯერ და მეტჯერ გაზრდილი იყო ფასი. სწორედ ამის დასაზღვევად და ჩვენი პაციენტების, ბიუჯეტიდან თანხების სწორად ხარჯვის დასაზღვევად არის MEA-ს კონტრაქტი, რომელიც გვინდა, კანონში ჩავწეროთ", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, მედიკამენტების პირდაპირი, უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვის გზით მნიშვნელოვანი თანხა დაიზოგება, თუმცა ამის გამო ბიუჯეტი არ შემცირდება.

„სამწუხაროდ, არ შემიძლია, ზუსტი ციფრები გითხრათ, რა დანაზოგს და ფასდაკლებას მიაღწევს სახელმწიფო MEA-ს კონტრაქტებით, თუმცა შეგიძლიათ, თავად იმსჯელოთ. რა ფაქტიც, მაგალითად, აპრილში გვქონდა, როცა სამჯერ და ოთხჯერ გაძვირდა მედიკამენტები, აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ, თავად დათვალოთ, რა მარჟებზეა საუბარი. მნიშვნელოვანი დანაზოგია, თუმცა ამ დანაზოგის ხარჯზე არანაირად არ მოხდება ბიუჯეტის შემცირება, ბიუჯეტი დარჩება იგივე, ხოლო მნიშვნელოვნად გაიზრდება მოსახლეობის იმ კატეგორიის მოცვა, ვისაც ეს მედიკამენტები სჭირდება", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ იგეგმება სახელმწიფო აფთიაქების შექმნა, ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა:

„სახელმწიფო აფთიაქს ნამდვილად არ ვქმნით, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ეს პრაქტიკაც არსებობს - კერძო აფთიაქებთან ერთად, სახელმწიფო აფთიაქებიცაა. ასეთი პრაქტიკა არსებობს, თუმცა ჩვენ ამას ნამდვილად არ ვქმნით. ჩვენს შემთხვევაში ხდება ინოვაციური, იშვიათი მედიკამენტების შეძენა. შესაძლოა, ფარმაბიზნესს არ ჰქონდეს ინტერესი ან არასწორი ინტერესი ჰქონდეს, მაგალითად, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ ძვირად რომ ჰყიდიან მედიკამენტებს. ამ შემთხვევაში, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე ვმოქმედებთ. MEA-ს პირდაპირი კონტრაქტები ჩვენ არ მოგვიგონია, ეს არის იმ საერთაშორისო კონსულტანტების რეკომენდაცია, რომლებიც რეფერენტული ფასთწარმოქმნის დანერგვასა და ფარმაცევტული ბაზრის მოწესრიგებაში გვეხმარებიან", - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×