რეზონანსი
13.10.2023

„ამ ეტაპისთვის დასავლეთ ევროპიდან ტურისტების ნაკადები შემცირებულია, რადგან მათთვის საქართველო უკრაინასთან ასოცირდება, რაც შეეხება რუს ტურისტებს, მათი წილი სასტუმროებში მხოლოდ 1,4%-ია" - ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით სექტორი არატრადიციულ ბაზრებზე უნდა გადაერთოს და იქიდან შეეცადოს ტურისტების შემოყვანას.

„ვფიქრობ, რომ ჩინეთისთვის ვიზების მოხსნა ტურიზმისთვის კარგი იყო და იმედი გვაქვს, რომ ჩინეთიდან რაღაც რაოდენობის ტურისტები მაინც წამოვა, თუმცა ამ ეტაპისთვის დიდი რაოდენობა არ გვყავს, მაგრამ შეიძლება თანდათანობით მოემატოს.

შედარებით ახალი ბაზარია ტაილანდი, საიდანაც ბოლო 2 წელია საკმაოდ ბევრ ტურისტს ვიღებთ და სასწრაფოდ არის მუშაობა დასაწყები იმაზე, რომ ტაილანდიდან ფრენები განახლდეს, ასევე აუცილებლად მოსაგვარებელია ვიზების საკითხი ინდოეთთან. ტურისტული კომპანიები მონდომებულები არიან, რომ ინდოეთიდან ტურისტები ჩამოიყვანონ, მზად არიან დადონ დეპოზიტი, ისე როგორც ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და გულისხმობს დიდი ჯარიმის გადახდას იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას ტურისტი გაეპარება და ქვეყანაში დარჩება. დღესდღეობით 30 შევსებული აპლიკაციიდან 12 ხარვეზდება და ტურისტულ კომპანიებს უკან ეგზავნებათ" - აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.

რაც შეეხება ინდოეთთან პირდაპირ ფრენებს, ალავერდაშვილი აღნიშნავს, რომ პირდაპირი ფრენების დანიშვნის შემდეგ ტურისტული კომპანიები გააქტიურდნენ, თუმცა შემდეგ ნაკადებმა იკლო და ასეთი სავიზო პოლიტიკით კი 2-3 კვირაში სახვეწარი გახდება ინდოეთიდან ტურისტების მიღება.

რაც შეეხება ზამთრის სეზონის პროგნოზს, ალავერდაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან საქართველოს ძირითადი სტუმრები აზერბაიჯანიდან, ევროპიდან და რუსეთიდან იყვნენ

„ამ ეტაპისთვის ევროპა ძალიან გვაკლია, აზერბაიჯანს საზღვარი ჩაკეტილი აქვს, შესაბამისად აზერბაიჯანელი ტურისტები ნაკლებად არიან საქართველოში, საზღვრის ჩაკეტვამდე მათი წილი სასტუმროებში 8%-მდე იყო, სომხეთიდანაც გვყავდა ზამთრის სეზონზე ტურისტები და წელს მათი ნაკლებობაცაა, ზამთრის სეზონისთვის თუ რაღაც არ მოვიფიქრეთ შიდა ტურიზმზე ვიქნებით დამოკიდებული" - აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.

წყარო: კომერსანტი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×