რეზონანსი
13.10.2023

ცალკე ოპოზიცია ლაპარაკობს, რომ „ქართული ოცნება" ცდილობს, კულუარებში მეტი ხმის მიღწევას, ცალკე სალომე ზურაბიშვილი გვაცოდებს თავს, რომ არ იცის, რამდენი დღე აქვს დარჩენილი - არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს, რამდენიმე დღეში იქნება კენჭისყრა და დარწმუნებული ვარ, 90 ხმაზე მეტი არ დაჯდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის შესაძლო დარღვევის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია სპეკულირებს, რომ „ქართული ოცნება" ხმების მობილიზებას ცდილობს.

„დანარჩენი ყველაფერი სპეკულაციაა - უნდათ, თქვან, რომ ჩვენ ხმების მობილიზებას ვცდილობთ, გამოჩნდება, რომ იქ 89 თუ 88 ხმა იქნება და მერე იტყვიან, ვერ მოახერხესო. ეს ყველაფერი მარტივი სპეკულაციაა. სინამდვილეში, დარწმუნებული ვარ, როდესაც კენჭისყრა დასრულება, 90 ხმაზე მეტი არ დაჯდება ტაბლოზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ განაცხადა, „კოლექტიური „ნაცმოძრაობა" სალომე ზურაბიშვილს ვერ შეელევა, რადგან არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის მისი მხარდაჭერა სჭირდებათ.

„მარტივი სპეკულაციაა, რასაც მათგან ვართ მიჩვეული - უნდათ, თქვან, რომ ვცდილობდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. სინამდვილეში, თავიდანვე სალომე ზურაბიშვილი სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით არღვევდა კონსტიტუციას. კოლექტიურ „ნაცმოძრაობას", საარჩევნოდ ძალიან სჭირდება სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე, არჩევნების შემდეგაც. იციან, რომ არჩევნებს წააგებენ, ელოდებიან, არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა დაიწყონ საუბარი, რომ გაყალბდა, სჭირდებათ პარტნიორი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. ამიტომ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა" ვერ შეელევა ამ 1 წლის განმავლობაში ძვირფას პარტნიორს, სალომე ზურაბიშვილს, დარჩებიან ალიანსში და პრეზიდენტის თანამდებობაზე დატოვებენ ადამიანს, რომელსაც უწოდებდნენ ჯაშუშს და რეზიდენტს. მათ მყარი ალიანსი აქვთ, საერთო პატრონი ჰყავთ. სალომე ზურაბიშვილს აქვს სრული რწმენა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა" მის გადაყენებას მხარს არ დაუჭერს, შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური მოცემულობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×