რეზონანსი
13.10.2023

"მეგონა მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი" - ეს სიტყვებიც თქვა მოძალადემ, რომელმაც ცოლად შერთვის მიზნით 14 წლის გოგო ჯერ მოიტაცა, შემდეგ კი 2 თვის განმავლობაში მასთან თანაცხოვრებას აიძულებდა. უფრო მეტიც, ალიმ ასლანოვმა სხდომაზე ისიც კი თქვა, რომ მას მოკლულის დედამ უთხრა, რომ აითაჯ შახმაროვა 18 წლის იყო.

განსასჯელთა სკამზე მყოფმა აითაჯ შახმაროვას დედამ კი, რომელმაც შვილი ძალადობისთვის გაწირა, სხდომაზე განაცხადა, რომ მისი შვილი ალიმ ასლანოვს საკუთარი ნებით გაჰყვა. მისივე თქმით, როდესაც არასრულწლოვანმა დედას მოძალადის სახლიდან წაყვანა სთხოვა, სოფელ ლამბალოში ჩასულ ქალს ასლანოვი დაემუქრა და იარაღი ჰაერში ისროლა. მოსამართლემ ქალის არგუმენტები არ გაითვალისწინა, ისევე, როგორც გოგონას ბიძის და ორივეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ვერსიით, ოჯახმა აითაჯ შახმაროვა ჯერ იძულებითი ქორწინებისთვის, შემდეგ კი სასიკვდილოდ გაწირა, რადგან ბავშვმა მშობელთან რამდენჯერმე დარეკა და შველა სთხოვა, ოჯახმა კი ის აიძულა მოძალადის ოჯახში დაბრუნებულიყო.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს მოკლული გოგონას მამის გამოკითხვა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი საზღვარგარეთ იმყოფებოდა მაშინ, როდესაც გოგონა იძულებით გაათხოვეს და მოკლეს.

საბრალდებო სკამზე შესაძლოა მალე სხვებიც აღმოჩნდნენ. 14 წლის გოგონას საქმეზე გამოძიება დამატებითი მტკიცებულებების შეგროვების პროცესშია. ოფიციალური ინფორმაციით, აითაჯ შახმაროვას მკვლელობიდან დღემდე, მნიშვნელოვანი გარემოებები უკვე გამოიკვეთა, რაც მოზარდის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის დედის, ბიძის და 27 წლის მამაკაცის დანაშაულს ამტკიცებს. გამოძიების ვერსიით, აითაჯმა ასლანოვების სახლიდან გაქცევა არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ, ოჯახის წევრები შინ დაბრუნების უფლებას არ აძლევდნენ და არასრულწლოვანს კვლავ მოძალადესთან უწევდა დარჩენა.

იძულებით გატაცებიდან ორ თვეში, 6 ოქტომბერს კი, ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ცნობილია, რომ მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე აითაჯი 112-ში დარეკვას ცდილობდა და სწორედ ამ დროს ესროლეს ზურგში.

აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის, იძულებით ქორწინების და შეუტყობინებლობის ფაქტებზე პოლიციაში გამოკითხვები გრძელდება. "კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებული, ალიმ ასლანოვის ოჯახის წევრები და ახლობლებიც გამოჰკითხა.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×