რეზონანსი
11.10.2023

დღევანდელი ხელისუფლება დაკავებულია მხოლოდ და მხოლოდ იმით, რა ესიამოვნება რუსეთის ხელისუფლებას და არა იმით, რა სჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს , - ამის შესახებ პარტია „ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" ისრაელი-საქართველოს მიმართულებით დამატებითი ჩარტერული რეისების დანიშვნის საჭიროებაზე საუბრისას განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ისრაელ-საქართველოს შორის დამატებით ჩარტერული რეისების დანიშვნის შესახებ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ იღებს, თუმცა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად მიიღეს.

„მათ ძალიან სწრაფად მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთთან პირდაპირი რეისების აღდგენაზე, ხოლო ამ შემთხვევაში არ გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რატომ არ არის აუცილებლობა დამატებითი ჩარტერული რეისების დანიშვნის, რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება, რომ გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოქალაქეები მშვიდად გრძნობდნენ თავს. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ დღევანდელი ხელისუფლება დაკავებულია მხოლოდ და მხოლოდ იმით, რა ესიამოვნება რუსეთის ხელისუფლებას და არა იმით, რა სჭირდება საქართველოს მოქალაქეებს.

საქართველოს დღეს ჰყავს მთავრობა, რომელიც არის უპასუხისმგებლო. მთავრობა უნდა იყოს დღეს საქართველოში ამ გადაწყვეტილების მიმღები, საქართველოს მთავრობა უნდა ზრუნავდეს თავის მოქალაქეებზე, მაგრამ მათ სხვა საზრუნავი აქვთ დღეს და არა საკუთარი მოქალაქეები ან ეროვნული ინტერესები", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბადრი ჯაფარიძემ გადაცემა „360 გრადუსში" უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში არ არის დაგეგმილი ვიქტორ ორბანის საოკუპაციო ხაზთან მისვლა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დღევანდელი ხელისუფლების ამოცანაა, რუსეთი არ გააღიზიანოს.

„ქვეყნის ინტერესებზე მზრუნველი ხელისუფლების პირობებში ნებისმიერი სტუმარი უნდა გაეცნოს იმ მდგომარეობას, რომელიც შექმნილია ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში და იმას, თუ როგორ გაჭირვებაში, როგორი საფრთხის ქვეშ არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ზოლთან ახლოს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაშიც, დაგეგმილი არ არის ბატონი ორბანის ვიზიტი საოკუპაციო ზოლთან, ეს მიუთითებს იმაზე, რომ დღევანდელი ხელისუფლების ამოცანაა, რომ რუსეთი არ გააღიზიანოს, ორბანთან ერთად ისეთი ნაბიჯი არ გადადგას, რომელიც იქნება უსიამოვნო რუსეთის ხელისუფლებისთვის. ჩვენი პირველი რიგის გამოწვევა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ გრძელდება ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×