რეზონანსი
10.10.2023

6 საათიანი პაუზის შემდეგ ღაზის სექტორთან ახლოს მდებარე ქალაქებში განგაშის სიგნალი ჩაირთო. ისრაელისა და "ჰამასის" ომს უკვე 1600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაიღუპა, დაკარგულად ითვლება ან მძევლადაა აყვანილი უცხო ქვეყნების ათობით მოქალაქე. გაეროს მონაცემებით, საკუთარი სახლი ღაზის სექტორში 180 000-მა მოქალაქემ დატოვა, ისინი იძულებით გადაადგილებულებად ითვლებიან. ისრაელის სამაშველო სამსახურის მონაცემებით, 100-ზე მეტი ცხედარი მათ ერთ-ერთ ფერმაში ნახეს, სადაც "ჰამასმა" მძევლები აიყვანა, "ჰამასი" კი მძევლების დახოცვით იმუქრება.

რადიკალური ისლამისტური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ ისრაელის არმია ღაზის სექტორის მოსახლეობას წინასწარ გაფრთხილების გარეშე დაბომბავს, ისინი ისრაელიდან მძევლად აყვანილებს დახოცავენ. ისრაელის ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროები ამტკიცებენ, რომ ქვეყანა არ აწარმოებს არანაირ მოლაპარაკებას "ჰამასთან" ტერორისტების მიერ აყვანილი მძევლების თაობაზე. თავის მხრივ, "ჰამასიც" აცხადებს, რომ ისინი ტყვეთა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებს არ გეგმავენ.

ომის მეოთხე დღე ისრაელის ცენტრალურ ნაწილში შედარებით მშვიდია - მოქალაქეები გადაადგილდებიან, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა უკვე დაიწყო მუშაობა, თუმცა, ოფიციალურად, კვლავ რჩება საგანგებო საომარი მდგომარეობა ქვეყნის მასშტაბით და მუშაობენ მხოლოდ პირველადი საჭიროების მაღაზიები და პროდუქტების მიწოდების სერვისი.

დღეს ისმოდა სარაკეტო სირენები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, სადაც ტერორისტებმა კვლავ სცადეს სარაკეტო იერიში. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების და გარდაცვლილების შესახებ. გასული ღამის განმავლობაში, ღაზის სექტორის მიმდებარედ მსგავსი თავდასხმები ხშირი იყო, თუმცა ისრაელის ცენტრალურ ნაწილში სიმშვიდეა.

გასული ღამის განმავლობაში, ცაჰალმა (ისრაელის თავდაცვის ძალები) 250-ზე მეტ ობიექტზე მიიტანა იერიში. განადგურებულია 150-ზე მეტი სამხედრო ობიექტი, სადაც ტერორისტები ინახავდნენ იარაღს და აფარებდნენ თავს. ცაჰალის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, ისრაელი ოფიციალურად აკონტროლებს ღაზის სექტორის და ისრაელის საზღვარს და ღაზა სრულ ბლოკადაშია ისრაელის შეიარაღებული ძალების მხრიდან.

ღაზის სექტორში სრული ჰუმანიტარული კატასტროფაა - იქ მცხოვრები პალესტინელები დარჩენილნი არიან ელექტროენერგიისა და პირველად მოხმარების პროდუქტების გარეშე. ღაზის სექტორში სარაკეტო თავდასხმებს ისრაელი ამ დრომდე ახორციელებს.

გუშინ ღამით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებიდან გამომდინარე, სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ, სავარაუდოდ, დღეს მოსალოდნელია სახმელეთო ოპერაცია. ამას ემატება ისიც, რომ ცაჰალმა სამსახურში 350 000-ზე მეტი რეზერვისტი გამოიწვია, მსგავსი მობილიზაცია კი ისრაელის დამოუკიდებლობის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა. დღეს დილით, ცაჰალმა ოფიციალურად მოუწოდა ღაზის სექტორში დარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას, რომ მათ უახლოეს რამდენიმე საათში დატოვონ ტერიტორია, რადგან, სავარაუდოდ, ისრაელი დღეს ემზადება სახმელეთო ოპერაციისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×