რეზონანსი
09.10.2023

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, თვითონ ოპოზიციაში, საკუთარ რიგებში ერთმანეთის მიმართ არსებობს ძალიან მაღალი უნდობლობა - თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონსტიტუციის დარღვევას, ძალიან უხერხული იქნება მხარის არ დაჭერა

როგორც მან განმარტა, სამართლებრივი არგუმენტის მხედველობაში არ მიღება, არ იქნება ის, რაც ოპოზიციას დაამშვენებს.

„ოპოზიციის მხრიდან საუბარი კონსპირაციაზე, ხელისუფლებისთვის დაბრალება, რომ შიში აქვთ და გარიგებაზე მიმდინარეობს მუშაობს, არის არა ხელისუფლების მიმართ საყვედური, არამედ ის, რომ თვითონ ოპოზიციაში, საკუთარ რიგებში ერთმანეთის მიმართ არსებობს ძალიან მაღალი უნდობლობა.

როგორც ჩანს, ამის გადაფარვას, სხვაზე გადაბრალებით ცდილობენ. მარტივად დგას საკითხი, მათ საკუთარი პოზიცია აქვთ. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონსტიტუციის დარღვევას, ძალიან უხერხული იქნება მხარის არ დაჭერა ამ საკითხზე. მესმის და გასაგებია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამართლებრივი არგუმენტის მხედველობაში არ მიღება, არ იქნება ის, რაც დაამშვენებს ოპოზიციას", - აღნიშნა სარჯველაძემ.

რაც შეეხება თანამდებობის პირის არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული კენჭისყრის ღიაობის საკითხს, რომელიც ასევე პრეზიდენტის იმპიჩმენტსაც ეხება, როგორც სარჯველაძე განმარტავს, არ ღირს აჟიოტაჟის ატეხა ამ თემაზე, როდესაც ამის ობიექტური მიზეზი არ არსებობს.

„მგონია, რომ ვინც ცდილობს დააკავშიროს რეგლამენტში წარმოდგენილი ცვლილების ინიციატივა და პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურული საკითხები, არათუ ცდება, არამედ ოდნავ ღრმა ანალიზის შემთხვევაშიც კი აღმოაჩენს, რომ ეს სწორი არ არის. რეალურად, შეუძლებელია პროცედურული თვალსაზრისით ერთი მეორეს ელოდებოდეს, მოუსწროს ამ ცვლილებებმა, როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრა გაიმართება. არ ღირს აჟიოტაჟის ატეხა ამ თემაზე, როდესაც ამის ობიექტური მიზეზი არ არის",-აღნიშნა სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება - ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, ღია კენჭისყრის წესი მათ შორის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზე გავრცელდება.

კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, მისი არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×