რეზონანსი
09.10.2023

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველა რისკი და გამოწვევა შეისწავლა არჩევნების ახალი, ტექნოლოგიური წესით ჩატარებასთან დაკავშირებით, რათა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩატარდეს.

მისივე განმარტებით, არჩევნების ახალი წესით ჩატარების პრაქტიკიდან ინტერნეტის კომპონენტი ამოღებულია, "რაც იმ რისკებს დააზღვევს, რომლებიც კიბერ საფრთხეებს და კიბერ ჩარევებს უკავშირდება".

„პირველ ოქტომბერს მორიგი შუალედური და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, რაც საბოლოოდ, მე-8 ტექნოლოგიური არჩევნებია ჩვენს ქვეყანაში. მან 16 მუნიციპალიტეტში გარკვეული გამოცდილება შეიძინა. ეს ვენეციის კომისიისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციებს პირდაპირ პასუხობს იმის თაობაზე, რომ 2024 წლის საერთო არჩევნებამდე ქვეყანაში რამდენიმე პილოტი მაინც უნდა იყოს ჩატარებული. შესაბამისად, რვა პილოტმა გვაჩვენა ის, რომ ყოველი პილოტის შემდეგ, რიგი გაუმჯობესებები, დახვეწა და განვითარება შეგვქონდა ამ პროცესში. ეს დღეს იმის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ 2024 წლის ოქტომბრის თვეში გასამართი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაცია მაღალ პროფესიულ დონეზე, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩაატარებს არჩევნებს. საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველა რისკი, გამოწვევა თუ საფრთხე შეისწავლა, რომლებიც ამ აპარატების გამოყენებას ჰქონდა. მათ შორის ის, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ინტერნეტის გამოყენების კომპონენტი ამოიღეს პრაქტიკიდან. ჩვენ ესეც, როგორც ერთ-ერთი გლობალური რისკი, გავითვალისწინეთ. არც ერთი აპარატის შემთხვევაში ინტერნეტის გამოყენებას ადგილი არ ექნება. ეს თავის მხრივ, იმ რისკებს დააზღვევს, რომლებიც კიბერ საფრთხეებს და კიბერ ჩარევებს უკავშირდება",- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე სიმართლეა თუ არა ის, რომ ბიულეტენის ორჯერ დაზიანების შემთხვევაში, ამომრჩეველს აღარ მიეცემა შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ეს „ერთ-ერთი კლასიკური მითია".

„ორჯერ არასწორად მოთავსების ან ბიულეტენის დაზიანების შემთხვევაში, ამომრჩეველს განმეორებით მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა",- განაცხადა კალანდარიშვილმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×