რეზონანსი
05.10.2023

როგორც „ლიბერალური აკადემია - თბილისის" დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საუბრისას განაცხადა, პრეზიდენტს, როგორი სიმბოლური მნიშვნელობის არ უნდა იყოს, გააჩნია გარკვეული სივრცე მოქმედებისთვის, მათ შორის საგარეო და საშინაო პოლიტიკურ ასპარეზზე, ამიტომ, ასეთი ფიგურა თუ კიდევ ერთი წლის განმავლობაში არ არის კონტროლირებადი, მმართველი პარტიისთვის ეს უკვე პრობლემაა

როგორც ტუღუშმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „თავისუფალი სტუდია" განაცხადა, თუკი პროდასავლური პოლიტიკოსის იმპიჩმენტი განხორციელდება, იმ მიზეზით, რომ ხვდებოდა დასავლეთის ლიდერებს, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ზიანი მიადგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.

„პრეზიდენტის იმპიჩმენტი აუცილებლად მიაყენებს ზიანს ევროპულ დღის წესრიგს, კანდიდატის სტატუსს. თუკი იმპიჩმენტი განხორციელდება, უფრო დიდი ალბათობა იქნება იმისა, რომ შეიძლება კანდიდატის სტატუსის გარეშე დავრჩეთ. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები სერიოზულად შემცირდება. ეს ჩანს არა მარტო თბილისიდან, არამედ ევროპული ქვეყნებიდანაც. როდესაც ჩამოდიან, საუბრობენ იმაზე, რომ ეს არ არის მათთვის მისაღები", - განაცხადა ტუღუშმა.

კითხვაზე, ამ პროცესით რას იგებს „ქართული ოცნება, ტუღუში პასუხობს, რომ შეიძლება ამ ნაბიჯს ძალაუფლების გამყარების ახსნა ჰქონდეს.

„თუკი ამას შევხედავთ, სამართლებრივი კუთხით, შეიძლება ვიდავოთ იმაზე, რამდენად არის ისეთი ტიპის დარღვევა, რომ იმპიჩმენტს იმსახურებს.

შეიძლება ამ ნაბიჯს „ქართული ოცნების" ძალაუფლების გამყარების ახსნა ჰქონდეს. მეორე მიდგომაა, რისი დაჯერებაც არ მინდა, ნაბიჯი იდგმება ამ [კანდიდატის სტატუსის] პროცესის საწინააღმდეგოდ.

პრეზიდენტი, როგორი სიმბოლური მნიშვნელობის არ უნდა იყოს, მას გააჩნია გარკვეული სივრცე მოქმედებისთვის, მათ შორის საგარეო და საშინაო პოლიტიკურ ასპარეზზე. ამიტომ, ასეთი ფიგურა თუ კიდევ ერთი წლის განმავლობაში არ არის კონტროლირებადი, მმართველი პარტიისთვის ეს უკვე პრობლემაა.

ყველაზე რეალისტურად, რაც გამოიყურება არის ის, რომ ეს სჭირდება მმართველ გუნდს, რომ კიდევ უფრო მეტად გაიმყაროს ძალაუფლება", - განაცხადა ტუღუშმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×