რეზონანსი
05.10.2023

წარმოგიდგენიათ ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც ქვეყნის კონსტიტუციაში უწერია, რომ ის სახელმწიფოს მეთაურია, კონსტიტუციური წესრიგის გარანტია და ამ დროს არ ჰქონდეს უფლება, „ფეისბუქზე" სტატუსის დაწეროს და „ტვიტერზე" განცხადება გამოაქვეყნოს ოფიციალური ნებართვის გარეშე? - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვის პროცესს გამოეხმაურა.

ეკა ბესელიას განცხადებით, ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო, როდესაც იმ საკანონმდებლო ნორმებს იღებდნენ, რომლებიც პრეზიდენტის უფლებამოსილებებს ეხება და მაშინ ირაკლი კობახიძის პოზიცია იყო, რომ პრეზიდენტს მთავრობის ნებართვა დასჭირდება მხოლოდ ისეთი ტიპის საგარეო ურთიერთობებზე, რომლებსაც შეიძლება მოჰყვეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგი, შეთანხმების გაფორმება ან ვალდებულების აღება.

„ნორმების მიღების დროს მე ვიყავი ერთ-ერთი კანონმდებელი, რომელიც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, ჩემი კომიტეტი წამყვანი კომიტეტი იყო და ძალიან კარგად მახსოვს, რა ნორმატიული შინაარსი ჩავდეთ სადავო ნორმებში. საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაა, გაარკვიოს, კანონმდებელმა რა ნორმატიული შინაარსი ჩადო პრეზიდენტთან დაკავშირებულ ნორმებში. ირაკლი კობახიძეს როგორც საუბარი აქვს უთავბოლო, ასევე ფორმულირებებსაც თვითონ წერდა და ბევრი ფორმულირება იყო გაუმართავი. მახსოვს, ძალიან ბევრი კრიტიკა მოვიდა, ვიდრე სტილისტურად ოდნავ მაინც გაიმართა ტესტი. ეს მისი სტილია, სხვათა შორის - კარგი ქართულით რომ ვერ აყალიბებს ფორმულირებებს. მთავარი შინაარსია, რომელზედაც მახსოვს რამდენიმე კითხვა მეც დავუსვი სამუშაო შეხვედრის დროს. როდესაც მთავრობის თანხმობით ახორციელებს გარკვეულ უფლებამოსილებებს, მაშინ ვკითხე, ყველაფერზე სჭირდება ნებართვა თუ არა? იქ იყო ცხადი განმარტება გაკეთებული და შევჯერდით ამ ნორმატიულ შინაარსზე, რომ ყველაფერზე არ სჭირდება თანხმობა და ეს იქნებოდა სრული აბსურდი, რომ ასეთი ნორმატიული შინაარსი ჩაგვეწერა. ირაკლი კობახიძის პოზიციაც ეს იყო, რომ არა ყველაფერზე, არამედ იმაზე, რა ტიპის ურთიერთობასაც შეიძლება მოჰყვეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგი, შეთანხმების გაფორმება ან ვალდებულების აღება. ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანი მიხვდება, რომ დედამიწაზე არ შეიძლება არსებობდეს პრეზიდენტი, რომელიც „ფეისბუქ" განცხადებაზე ან ქვეყნის შიგნით ელჩთან შეხვედრაზე, ნებართვას ითხოვდეს. ასეთი არაფრის უფლების მქონე პრეზიდენტს შეიძლება ჰქონდეს კანონზე ვეტოს დადების უფლება, შეწყალების უფლება, არჩევნების გამოცხადების უფლება, მთავარსარდლის ფუნქცია?", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას, რომ იმპიჩმენტის საკითხი იმდენად მარტივია, პირველი კურსის სტუდენტსაც კი არ გაუჭირდებათ სწორი გადაწყვეტილების მიღება.

მისი თქმით, პირველი კურსის სტუდენტებმა იციან, რომ კონსტიტუცია ისე პრიმიტიულად არ იკითხება, როგორც მას ირაკლი კობახიძე კითხულობს.

„პირველ კურსზე ბევრად ნიჭიერი სტუდენტები სწავლობენ, პირველკურსელები მინახავს, ბევრად კარგად აზროვნებენ და იციან კონსტიტუცია, ვიდრე ის კითხულობს. კონსტიტუცია არ იკითხება ასე პრიმიტიულად: ითხოვა ნებართვა, არ მისცეს ნებართვა, დაარღვია კანონი. ამაზე უფრო პრიმიტიული წაკითხვა კონსტიტუციის არ არსებობს. რა ნებართვა ითხოვა, რისთვის ითხოვა და რატომ არ მისცეს და შემდეგ რა დაარღვია ამით? ამ ყველაფერს ძალიან სიღრმისეული ანალიზი სჭირდება. როდესაც პრეზიდენტი საუბრობს საგარეო ურთიერთობაში, როგორც ქვეყნის წარმომადგენელი პირი, ყველაფერზე კი არ სჭირდება თანხმობა, მას სჭირდება ისეთი ტიპის უფლებამოსილების განხორციელების დროს, როდესაც რომელიმე ხელშეკრულებას თანხმობა უნდა მისცეს. სადაც კვეთა ხდება მთავრობის ფუნქციასთან აი, აქ სჭირდება თანხმობა. რა შინაარსია იცით აქ ჩადებული, რომ თანხმობა არსებობდეს, ერთიანი პოზიცია ჰქონდეს ქვეყანაში აღმასრულებელ ორგანოს და ცალკე აღებულ პრეზიდენტს, რომელიც არ არის მთავრობის ნაწილი. ამაზე თუ ვერ შევთანხმდებით, რომ ყველაფერზე არ სჭირდება თანხმობა, მაშინ აბსურდამდე მივდივართ. სამძიმარს ვერ გამოუცხადებს, წერილის ვერ დაწერს. ასეთი უუფლებო პრეზიდენტი არავის არ ჰყავს დედამიწაზე, როგორც კობახიძე კითხულობს და ეს არ წერია ჩვენს კონსტიტუციაში. ეს მისი ძალიან სახიფათო და გაუგონრად პრიმიტიული ინტერპრეტაციებია", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" ოცნების" მიერ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ოცნება" პრეზიდენტზე გაბრაზებულია და ამიტომ გადაწყვიტა პრეზიდენტის დასჯა ან შესაძლოა კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს უშლიან ხელს.

მისივე თქმით, შესაძლოა იმპიჩმენტის პროცესის დაწყება რუსეთის ინტერესების გაგრძელება იყოს იმიტომ, რომ მათი მხრიდან პრეზიდენტის მიმართ კრიტიკული განცხადებები გვესმის.

„გაბრაზდნენ იმიტომ, რომ ქალბატონი სალომე არ არის იმ ტიპის დიპლომატი და პოლიტიკოსი, რომელიც ირაკლი კობახიძის ჭკუაზე გაივლის ან ამ უბედური ანრი ოხანაშვილის, ან მათიკაშვილის. გაბრაზდნენ და გადაწყვიტეს პრეზიდენტის დასჯა ამ ფორმით. მეორე, არ უნდათ სტატუსი მიიღოს საქართველომ. ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს ეს პროცესი... წლის ბოლომდე ყოველდღე ველოდებით ევროკავშირის შეფასებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და აქამდე თუ თავს იკავებდი, ახლა რატომ გჭირს თავშეუკავებლობა, ესე იგი არ გინდა, რომა ამ პროცესს მიეხმარო. მესამე, არ გამოვრიცხავ, რომ ეს მეზობელი ქვეყნის ინტერესების გაგრძელებაც იყოს, რადგან პრეზიდენტის მხრიდან კრიტიკული განცხადებები გვესმის", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×