რეზონანსი
05.10.2023

პრეზიდენტის წარმომადგენლების მხრიდან სამართლებრივად უსუსტესი პოზიციები იყო, არავითარი არგუმენტები. მათი დასკვნები მთლიანად პოლიტიკურში იყო გადატანილი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებული განხილვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ნათელია, რომ პრეზიდენტის მხრიდან უხეშად დაირღვა კონსტიტუცია.

„უმარტივესი ლოგიკური დასკვნაა, რომელიც უნდა მივიღოთ ხუთი წანამძღვრით. პრეზიდენტმა იცოდა, რომ მას სჭირდებოდა თანხმობა ვიზიტების განხორციელებაზე, მიმართა მთავრობას, ვერ მიიღო მთავრობისგან ნებართვა და მაინც განახორციელა თანხმობის გარეშე ვიზიტები. რაც შეეხება პრეზიდენტის წარმომადგენლების დასკვნით სიტყვას, რეალურად, 80% მათ ჰქონდათ საუბარი პოლიტიკაზე, მათ შორის შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე აცხადებს, თქვენს იმიჯსაც მიაქციეთ ყურადღება, როცა ამ გადაწყვეტილების დასკვნის გამოტანაზე მიდგება საქმეო. ამაშია საქმე. სამართლებრივად უსუსტესი პოზიციები იყო, არავითარი არგუმენტები, მათი დასკვნები მთლიანად პოლიტიკურში იყო გადატანილი. ეს აჩვენებს პოზიციების სისუსტეს, ასევე აჩვენებს, რატომ წარმოადგინა პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებსაც ბევრად მეტი იურიდიული კვალიფიკაცია აქვთ, არამედ პოლიტიკური მიკერძოების მქონე პოლიტიკური პირები, რომლებიც არსებითად პოლიტიკურ აქცენტებს აკეთებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივი არგუმენტები წარმოედგინათ. ყველაფერი ნათელია, პრეზიდენტის მხრიდან უხეშად დაირღვა კონსტიტუცია. სალომე ზურაბიშვილი შეგნებულად, პრინციპულად ახორციელებს საბოტაჟს, პირველ რიგში, ქვეყნის ევროინტეგრაციის, კანდიდატის სტატუსის მიღების საბოტაჟს. როდესაც ამტკიცებ, რომ ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის პრიორიტეტებს, ეს განცხადება პირდაპირ საბოტაჟია. ფორმალურად თუ ვასრულებთ, მაშინ რა კანდიდატობაზეა საუბარი? დღეს სალომე ზურაბიშვილი და კოლექტიური „ნაცმოძრაობა" მოქმედებენ ერთიანი დღის წესრიგით, მათ აქვთ ალიანსი, მათ ჰყავთ საერთო პატრონი. ამის გამოხატულებაა საბოტაჟი, რომელიც მისი მხრიდან ხორციელდება. მთავარი იყო, სამართლებრივი არგუმენტები წარგვედგინა კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით, ამაზე ვიყავით მთლიანად კონცენტრირებული. ძალიან მყარი არგუმენტები წარვადგინეთ, რომელიც ადასტურებს, როგორ უნდა იყოს ამოხსნილი ეს უმარტივესი, ხუთნაბიჯიანი კაზუსი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილი სრულ კოორდინაციაშია იმ მიზნებთან, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას აქვს.

„საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს მხოლოდ სამართლებრივ მხარეზე, დაირღვა თუ არა კონსტიტუცია. საკონსტიტუციო სასამართლო საერთოდ ვერ მსჯელობს პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე, კარგია თუ არა პრეზიდენტის გადაყენება, იმპიჩმენტის პროცესი. რაც შეეხება პრეზიდენტის წარმომადგენლების განცხადებებს, მათ ჰქონდათ უსუსური, მაგრამ პოლიტიკური ზეწოლის მიზანი. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ეს არ არის არც ადეიშვილის და არც გიორგი პაპუაშვილის სასამართლო, სადაც იყო კლანი, სადაც „ნაცმოძრაობას" ჰქონდა საკონტროლო პაკეტი. შესაბამისად, აქ უნდა წარმართულიყო სამართლებრივი დისკუსია, რაც პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს. ბოლომდე დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილი სრულ კოორდინაციაშია იმ საბოტაჟის მიზნებთან, რომელიც აქვს რადიკალურ ოპოზიციას", - აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, იმპიჩმენტის საკითხზე პარლამენტში დეპუტატებთან ექნებათ განხილვა და დეპუტატების ნაწილის დარწმუნებას ეცდებიან.

„ჩვენ როცა დავინახეთ, რომ სისტემური ხასიათი შეიძინა, ამის შემდეგ დავიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურა. ჩვენი ამოცანაა დეპუტატებთან საუბარი, გვექნება განხილვა და გამოსვლები იმპიჩმენტთან დაკავშირებით. ვეცდებით, დეპუტატების ნაწილი დავარწმუნოთ, რომ არ შეიძლება, თვალი დახუჭონ კონსტიტუციის სისტემატურ უხეშ დარღვევაზე. ვნახოთ რა იქნება. 100 დეპუტატის მხარდაჭერის მოპოვება ნაკლებად რეალისტურია, სალომე ზურაბიშვილი სწორედ რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერის იმედად არღვევდა კონსტიტუციას. მას ჰქონდა გარანტიები, საერთო პატრონი ჰყავთ. ჩვენ გამოვალთ სხდომაზე, კიდევ ერთხელ წარვადგენთ არგუმენტებს, გავაშიშვლებთ სალომე ზურაბიშვილისა და რადიკალური ოპოზიციის ალიანსს. ეს ყველაფრისთვის მნიშვნელოვანია და რაც მთავარია, მნიშვნელოვანია, კონსტიტუცია იყოს განუხრელად დაცული. ეს იყო იმპიჩმენტის მთავარი მიზანი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×