რეზონანსი
05.10.2023

თუკი საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს დასკვნას, რომლითაც დაადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს, რაც არ უნდა დასაბუთებები სცადოს, ეს ვერ იქნება შედეგის მომტანი საზოგადოებაში ნდობის თვალსაზრისით , - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიპიჩმენტო წარდგინების განხილვის პროცესში პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მაია კოპალეიშვილის განცხადებით, ყველამ დაინახა, რომ სამი ფაქტობრივი გარემოება იყო ისეთი უფლებამოსილების განხორციელება, რომლის უფლებამოსილებაც პრეზიდენტს აქვს მთავრობის თანხმობის გარეშე.

„გადაწყვეტილება არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის საკითხი. სასამართლოს ყოველი გადაწყვეტილება გულისხმობს იმავდროულად იმას, რომ სამართლიანობის პრინციპთან მიმართებით და მართლმსაჯულების ჯეროვნად და კონსტიტუციის შესაბამისად გადაწყვეტასთან მიმართებით საზოგადოებასაც უნდა ჰქონდეს ნდობა. ახლა საკონსტიტუციო სასამართლო თუკი გამოიტანს დასკვნას, რომლითაც დაადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს, რაც არ უნდა დასაბუთებები სცადოს, ეს ვერ იქნება შედეგის მომტანი საზოგადოებაში ნდობის თვალსაზრისით, რამეთუ ყველამ დაინახა, ყველამ იცის, რომ ეს არის ის სამი ფაქტობრივი გარემოება საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის ვიზიტს სწორედ ევროინტეგრაციის საკითხებზე, ევროინტეგრაციის მიზნით მხარდაჭერის მოსაპოვებლად. იქ არ ყოფილა არც მოლაპარაკებების წარმოება, რასაც პარლამენტის წარმომადგენლები ადგენენ იმ მუხლის მიზნებისათვის. ყველა შემთხვევაში ეს იყო ისეთი უფლებამოსილების განხორციელება, რომლის უფლებამოსილებაც პრეზიდენტს აქვს მთავრობის თანხმობის გარეშე", - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

მაია კოპალეიშვილმა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასაც უპასუხა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელი და პრეზიდენტი სხვადასხვა რამეს საუბრობენ.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე თავს ზედმეტის უფლებას აძლევს და ნათქვამს არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს.

„როგორც იტყვიან ენას ძვალი არ აქვს. ირაკლი კობახიძე აძლევს თავს ზედმეტის უფლებას. ისე უკეთებს ინტერპრეტაციას ნორმებსაც და ჩვენს ნათქვამსაც, რომ ნამდვილად მიუღებელია. მაგრამ როგორ იტყვიან, ფაქტები მეტყველებს საკუთარ თავზე", - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×