რეზონანსი
04.10.2023

დღეს საინტერესო სცენარი იდგმება ორ ეკრანზე, ამის რეჟისორი არის ირაკლი კობახიძე , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ძამამ, ოთარ ზურაბიშვილმა „პლიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვას და იმპიჩმენტთან დაკავშირებულ პროცესებს გამოეხმაურა.

როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, „ფარდის უკან" ბიძინა ივანიშვილი დგას.

„ინგლისელები ამბობენ: Behind the curtain - „ფარდის უკან" , თქვენც კარგად იცით და მეც კარგად ვიცი, ვინ დგას", - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა და წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილი? - ზურაბიშვილმა უპასუხა: „ალბათ, ბიძინა ივანიშვილი".

ოთარ ზურაბიშვილის განცხადებით, სცენარი დღეს „ორ ეკრანზე" არის მიმართული და განმარტა, რას გულისხმობს აღნიშნულში.

„ეს სცენარი არის ორ ეკრანზე: ერთი შიდა ეკრანი, რომ მოსახლეობის ყურადღება მიიპყროს და თქვას, რომ საქართველოში არაფერი არ ხდება. არ არის გარდამტეხი და სერიოზული თარიღები. არაფერი არ ხდება და მთავარი საკითხი არის პრეზიდენტის იმპიჩმენტი. აქეთ იყურეთ და სხვაგან არ გაიხედოთ: ჩვენ რას ვამზადებთ ან არ ვამზადებთ, ჩვენ მივიჩოჩებთ რუსეთისკენ თუ არ მივიჩოჩებთ. ეს არის პირველი ეკრანი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ისაუბრა საქართველოს იმიჯზე საერთაშორისო კონტექსტშიც და აღნიშნა, რომ საერთაშორისო კუთხით ქვეყნის იმიჯი ძალიან დაზიანებულია.

„მეორე ეკრანია, საერთაშორისო ეკრანი, სადაც საქართველოს იმიჯი ძალიან დაზიანებულია. როცა ევროპის მთავრობებში გადაწყვეტილებაა მისაღები კანდიდატის სტატუსზე, ხელისუფლება აჩვენებს, რომ ვინც არის ევროპის მთავარი მომხრე, რომელმაც ძალიან კარგად და ნათლად აჩვენა, რა ნაბიჯები გადადგა ევროპისკენ, რომელიც ნამდვილი დიპლომატია და რომელსაც მარტო განათლება კი არა კონტაქტები აქვს, მომზადებულია, არის შეზღუდული და აბრალებენ იმას, რაც მისი მთავარი მოვალეობაა", - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×