რეზონანსი
04.10.2023

თქვენი პოზიციით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში განხორციელებული ვიზიტები იყო სამუშაო თუ კერძო ვიზიტები?, - ამ კითხვით მიმართა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის , სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებს.

ამ კითხვაზე, პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპის სამ ქვეყანაში გამართულ ვიზიტებში ზურაბიშვილი წარმოდგენილი იყო, როგორც საქართველოს პრეზიდენტის სტატუსით.

„კერძო ვიზიტში თუ გულისხმობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი იქ იყო წარმოდგენილი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის თუ სხვა სტატუსით, რა თქმა უნდა წარმოდგენილი იყო, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. სამუშაო ვიზიტს დაარქმევთ, ვიზიტს, თუ სამუშაო შეხვედრას ამას მნიშვნელობა არ აქვს. პრეზიდენტს ჰქონდა შეხვედრა",- უპასუხა ჩუგოშვილმა.

ამასთან დაკავშირებით კობახიძემ აღნიშნა, რომ სამუშაო ვიზიტისა და ოფიციალური ვიზიტის დიფერენცირებას ახდენს კანონი, რაც პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ უნდა იცოდეს.

„თქვენ უნდა გქონდეთ პასუხი რა არის სამუშაო ვიზიტი და ოფიციალური ვიზიტი. კანონში წერია, რომ კერძო ვიზიტი არის ნებისმიერი ისეთი ვიზიტი, რომელიც კერძო მიზნებით ხორციელდება. მაგალითად, პრეზიდენტი პარიზში შეიძლება წავიდეს საკუთარი შვილის მოსანახულებლად, მაგრამ ის თუ რა არის სამუშაო ვიზიტი და ოფიციალური ვიზიტი ამის დიფერენცირებას ახდენს კანონი, რაც პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ უნდა იცოდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად იციან. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომპეტენტური ადამიანები მუშაობენ", - აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა აღნიშნა, რომ ევროპაში განხორციელებული ვიზიტი იყო კერძო ვიზიტი.

„ ეს იყო კერძო ვიზიტი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ასრულებდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში", - აღნიშნა კოპალეიშვილმა.

სხდომაზე ირაკლი კობახიძემ მოახდინა ციტირება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 2023 წლის, 12 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციისთვის მიერ გაგზავნილი მიმართვის.

„საქართველოს მთავრობის მიმართ არის გაგზავნილი პრეზიდენტის მიმართვა, ნომერი 5041. (ეს მიმართვა ეხება გერმანიაში ვიზიტს). საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტს სურს, ბერლინში სამუშაო ვიზიტის განხორციელება. პირდაპირ ეს წერია. საბოლოო ჯამში, პრეზიდენტმა სამუშაო ვიზიტი განახორციელა, ანუ რაც ჰქონდა დაგეგმილი, ის განახორციელა",- აღნიშნა კობახიძემ.

„როგორც იწერება პრეზიდენტი ისე იყო. ეს არ იყო პირადი და კერძო ვიზიტი, ეს იყო სამუშაო ვიზიტი",- ასე უპასუხა კოპალეიშვილმა.

ამაზე კობახიძემ რეპლიკით უპასუხა: „ე.ი. თქვენც იზიარებთ".

„არა, ამ პოზიციას ცვლის ხოლმე. 1 თვის წინ სხვა რამეს ფიქრობდა და 1 თვის თავზე სხვანაირად ფიქრობს, ამიტომ საინტერესოა დღეს რას ფიქრობს პრეზიდენტი: სამუშაო ვიზიტი იყო თუ კერძო ვიზიტი. პრეზიდენტი ხომ არ ფიქრობს რომ მან სამუშაო ვიზიტი გარდაქმნა კერძო ვიზიტად?", - აღნიშნა კობახიძემ.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტის წარმომადგენლებს კიდევ ერთი კითხვით მიმართა: „თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩვენ არასწორად მოვახდინეთ პრეზიდენტის კონკრეტული სიტყვების ციტირება. ლიეტუვურ ენაზეც გადავამოწმეთ, თუ რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა და მან თქვა შემდეგი რამ - „ძალიან ვწუხვარ, რომ ფორმალურად არ ვარ უფლებამოსილი ეს გავაკეთო", ადასტურებთ თუ არა ამ ციტატის სისწორეს?

კობახიძის ამ კითხვაზე მაია კოპალეიშვილმა მოითხოვა, რომ მოიხსნას ისეთი კითხვები, რომელიც კავშირში არ არის წარდგინებასთან.

რაზეც კობახიძემ რეპლიკით უპასუხა: „მგონია რომ კარგ კითხვებს ვსვამ".

ირაკლი კობახიძემ მისი კითხვის შინაარსი განმარტა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი სხვა რამეს ამბობს და მისი წარმომადგენლები სხვა რამეს.

„განვმარტავ თუ რატომ ვსვამ ამ კითხვას. ლიეტუვურ ენაზეც არის ნათარგმნი, ინგლისურ ენაზეც არის... რეალურად პრეზიდენტი სხვა რამეს ამბობს და მისი წარმომადგენლები სხვა რამეს. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო აქ",- აღნიშნა კობახიძემ.

ამას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა კობახიძეს ასე მიმართა - „არასწორია რასაც აკეთებთ".

რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ ადეიშვილის სასამართლო კი არ არის. არამედ საკონსტიტუციო სასამართლოა და მას სასამართლოს პატივისცემისკენ მოუწოდა.

„წესიერად ილაპარაკეთ, თორემ მეც გეტყვით ვის სასამართლოში ხართ", - უპასუხა კოპალეიშვილმა.

ამაზე კობახიძემ ასე უპასუხა: - „ადეიშვილის სასამართლო არ არის და არც გვარამიას, ვისი მოადგილეც იყავით წლების მანძილზე!".

„მერე რა მე ვამაყობ ამით", - უპასუხა მაია კოპალეიშვილმა და კობახიძის მისამართით დასძინა: „თქვენ მიხედეთ თქვენ წარსულს, გავრილოვი თქვენ ჩამოიყვანეთ, მე არ ჩამომიყვანია".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×