რეზონანსი
04.10.2023

რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ რუსეთის ინტერესების გამტარებლები ხართ დღემდე. ხელისუფლებაშიც მაგას აკეთებდით და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ამას აკეთებთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა დაამტკიცონ.

„ყველამ გაიმეორა აქ ერთი დაზეპირებული ფრაზა, რომ როგორმე ხელისუფლება დაადანაშაულონ, თითქოს ჩვენ პრორუსულ პოლიტიკას ვატარებთ. მოკლედ აგიხსნით, ვინაა რეალურად რუსული პოლიტიკის გამტარებელი. ის რაც ჩვენ გავაკეთეთ - ქვეყანაში დავაბრუნეთ ადამიანის უფლებების პატივისცემა და ეს ჩანს ნებისმიერ სისტემაში, ეს არის ევროპული საქმე და ეს არის ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. რასაც თქვენ აკეთებდით ადამიანს უფლებების სფეროში, ადამიანის უფლებათა კონვენცია საზოგადოებას რომ თავზე გადაახიეთ, ეს იყო რუსული საქმე მეგობრებო. ენერგოობიექტები რუსულ კომპანიებს რომ მიყიდეთ და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა მთლიანად რუსულ კომპანიებს რომ გადაეცით, ეს იყო რუსული საქმე. ჩვენ ინვესტიციები გავაკეთეთ ელექტროგენერაციაში, ინვესტიციები გავაკეთეთ გაზის და თბოელექტროსადგურებში და დღეს საქართველოს აქვს დღეს მეტი გენერაცია. ეს არის ქართული და ევროპული საქმე. თქვენ როგორც მედიას მართავდით, მედიას რომ საუბრის უფლება წაართვით, ჟურნალისტები რომ პოლიტიკურ ინსტრუმენტებად გადააქციეთ და თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრი რომ იყო მთავარი პროდიუსერი, ეს იყო რუსული საქმე. დღეს უკვე ქვეყანაში 20 მედია რომ არის, ეს არის თავისუფალი და მრავალფეროვანი მედია. თქვენ როგორც ექცეოდით ბიზნესს, ღამღამობით რომ იბარებდით და სახელმწიფოზე ქონებებს აჩუქებინებდით, ესაა რუსული საქმე. დღეს როცა ბიზნესი თავისუფალია, ესაა ქართული და ევროპული საქმე. მე შემიძლია გავაგრძელო ეს ჩამონათვალი, მაგრამ ძალიან კარგად ხვდებით, რომ რუსულს საქმეს სწორედ თქვენ აკეთებდით, როდესაც საკუთარ ქვეყანას პანდემიის ურთულეს პერიოდში ბოიკოტი გამოუცხადეთ. რა რუსულ საქმეზე გველაპარაკებით? თქვენი ბანაკის ლიდერები ხელფასებს პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებენ, რაზეც ხმა არ ამოგიღიათ. საერთოდ როგორ ბედავთ ვინმეს მიმართ რომ იშვერთ ხელს? საგარეო საქმეთა მინისტრი არ გყავდათ რუსეთის მოქალაქე? ოპოზიციური ბანაკის ერთ-ერთი ლიდერი დღემდე რუსეთის მოქალაქე არ არის? ვისზე ლაპარაკობთ თქვე მართლა პრორუსებო და რუსული ინტერესების გამტარებლებო? რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ რუსეთის ინტერესების გამტარებლები ხართ დღემდე. ხელისუფლებაშიც მაგას აკეთებდით და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ამას აკეთებთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

„შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით დღეს დაამტკიცებს. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. მიზეზი მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გავრცელებული ინფორმაციაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×