რეზონანსი
04.10.2023

მიმდინარე წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო აგვისტოსთან შედარებით ფასებმა 0.6 პროცენტით მოიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოში დაბალ ინფლაციას მსოფლიო ბაზარზე საქონლის და ტრანსპორტირების ფასების შედარებითი სტაბილურობა, ლარის გაცვლითი კურსის მყარი პოზიცია და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა განაპირობებს.

როგორც ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, ბოლო პერიოდში საწვავის ფასების სწრაფი ზრდა სექტემბრის ინფლაციაზე მხოლოდ ნაწილობრივ აისახა, ამასთან, მოსალოდნელია, რომ დანარჩენი ზრდა ოქტომბრის ინფლაციაზე აისახება, თუმცა ჯამური ინფლაცია კვალავაც მნიშვნელოვნად დაბალი იქნება 3-პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელზე.

„სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ფასების საერთო დონეზე ყველაზე დიდი გავლენა ბენზინის და დიზელის ფასების შესაბამისად, 7.6 და 5.9%-იან ზრდას ჰქონდა, რამაც თვის ინფლაცია ჯამში 0.3 პროცენტული პუნქტით გაზარდა. სხვა პროდუქტებიდან გამოსარჩევია მეტწილად სეზონური ფაქტორების გამო ყველის გაძვირება და ზოგიერთი ხილისა და ბოსტნეულის გაიაფება. ბოლო პერიოდში საწვავის ფასების მატების მიუხედავად, სექტემებრში გასული წლის სექტემბერთან შედარებით ბენზინის ფასები ჯერ კიდევ 13.3%-ით, ხოლო დიზელის ფასები 23.5%-ით იყო შემცირებული, რაც წლიურ ინფლაციას ჯამში 0.7 პროცენტული პუნქტით ამცირებდა. სურსათის ფასები საერთო ჯამში თითქმის გასული წლის დონეზე იყო, სადაც ძროხის ხორცი, კარტოფილი და მწვანილი ინფლაციას ჯამში 1.0 პროცენტული პუნქტით ზრდიდა, ხოლო მზესუმზირის ზეთი და პური ამდენითვე ამცირებდა. დანარჩენი პროდუქტებიდან გამოსარჩევი სამომხმარებლო კალათაში შესული ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების გაიაფება იყო, რაც ჯამში ინფლაციას 0.8 პროცენტული პუნქტით ამცირებდა, ხოლო გაზრდილი საბანკო მომსახურების და ბინის დაქირავების ღირებულება ინფლაციას შესაბამისად, 0.4 პროცენტული პუნქტით და 0.2 პროცენტული პუნქტით ზრდიდა. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.5% შეადგინა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ამასთან, როგორც ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, დაბალ ინფლაციას იმპორტირებული და შერეული საქონლის დეფლაცია განაპირობებს, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების და ტრანსპორტირების ფასების შედარებით სტაბილურობასთან ერთად, ლარის გაცვლითი კურსის მყარი პოზიცია უწყობს ხელს. სექტემბერში იმპორტირებული და შერეული საქონლის წლიური ინფლაციის შესაბამისად, 4.1% და 2.9%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა.

„ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ გასულ თვესთან შედარებით 0.8 პროცენტული პუნქტით მოიკლო და 5.3%-ს შეადგენს. წინა თვესთან შედარებით, ადგილობრივი ინფლაციის შემცირება მეტწილად ზოგიერთი მომსახურებისა და სურსათის საბაზო ეფექტის ამოწურვის ხარჯზე მოხდა. ჯერ კიდევ შედარებით მაღალ ადგილობრივ ინფლაციას მომსახურების წლიური გაძვირება (8.2%) განაპირობებს. მომსახურების წვლილი ადგილობრივ ინფლაციაში 4.4 პროცენტული პუნქტია. თავის მხრივ, მომსახურების ინფლაციაში მაღალი წვლილი აქვს საბანკო მომსახურების გაძვირებას და გასულ წელს უცხოელთა რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგად გაზრდილ ბინის დაქირავების ღირებულებას“, – აღნიშნავენ მარეგულირებელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×