რეზონანსი
01.10.2023

ბოლო 2 წლის განმავლობაში ხალხმა უკვე იმდენი ოქრო ჩააბარა, რომ ჩასაბარებელი აღარაფერი დარჩათ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს" თბილისში, სადგურის მოედანზე მოქმედი რამდენიმე ლომბარდის წარმომადგენელმა განუცხადა. მათივე თქმით, ხშირად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ადამიანები წინასწა წერილობით წერენ, რათა ყოველთვიური გადაუხდელობის გამო ლომბარდის წარმომადგენლებმა აღარ შეაწუხონ და ძვირფასეულობა პირდაპირ გაუყიდონ.

„სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე ლომბარდები ძირითადად ოქროს იბარებენ, სხვა სახის ლითონებს კი არა. რაც შეეხება ტექნიკას, ფაქტობრივად, ყველა ლომბარდი მათ მიღებაზე უარს ამბობს.

როგორც გიორგი ცაბაძის ქუჩაზე არსებული ლომბარდების წარმომადგენლები აღნიშნავენ, ბოლო 3 თვის განმავლობაში საერთოდ არ მომატებულა ოქროს ჩამბარებელთა რაოდენობა. მათი თქმით, ადამიანებმა უკვე იმდენი ოქრო ჩააბარეს ბოლო 2 წლის განმავლობაში, რომ ჩასაბარებელი აღარაფერი დარჩათ.

„მომართვიანობა არც თუ ისე ხშირია, დღეში დაახლოებით 2-4 ადამიანი შემოდის, ზოგჯერ ეგეც აღარ. ხშირად არის ისეთი მაგალითები, როდესაც ადამიანები წერილობით მოგვმართავენ, რომ არ სურთ ვადაგადაცილების შემდეგ დავურეკოთ, შევახსენოთ და პირდაპირ, გვთხოვენ ოქრო გავუყიდოთ",- ამბობს ერთ-ერთი ლომბარდის წარმომადგენელი.

კიდევ ერთი ლომბარდის წარმომადგენელი კი ამბობს: „ბოლო 2 წლის განმავლობაში ხალხმა უკვე იმდენი ოქრო ჩააბარა, რომ ჩასაბარებელი აღარაფერი დარჩათ".

როგორც „ბიზნესპრესნიუსმა" გაარკვია თითოეულ ლომბარდს აქვს განსაზღვრული თარიღი, რომლის გასვლის შემდეგ უფლება იტოვებს, რომ ადამიანს გადაუხდელობის გამო ძვირფასეულობა გაუყიდოს. ჩვენს მიერ გამოკითხული ლომბარდების მიერ დადგენილი ვადა 2-დან 6 თვემდე მერყეობს. ამ პერიოდის გასხვლის შემდეგ წარმომადგენლებს აქვთ უფლება უკვე აქამდე დადებული შეთანხმების საფუძველზე ძვირად ღირებული სამკაულები გაყიდონ.

„ჩვენ 6 თვის განმავლობაში ვურეკავთ, ვაფრთხილებთ, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ვერ იხდიან ყოველთვიურ თანხას და გვიწევს მათი ნივთების გაყიდვა. იყო შემთხვევები, როდესაც მოუმართავთ და უთხოვნიათ არ გაგვეყიდა ნივთი და რამდენიმე დღეც დაგვიცდია. ყველა ლომბარდს თავისი გარკვეული წესდება აქვს, ჩვენთან კი 6 თვის გადაუხდელობის შემდეგ მივმართავთ სხვა ხერხს", - აღნიშნა ლომბარდის თანამშრომელმა.

გარდა ამისა, ჩვენ ვესტუმრეთ „ოქროს ბირჟასთან" არსებულ ერთ-ერთ ლომბარდს, სადაც რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია დაგვხვდა. როგორც იქ გვითხრეს, მათ ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს, შესაძლოა, იმდენი ადამიანიც შევიდეს, რომ მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე თანამშრომელიც ვერ უმკლავდებოდეს საქმეს.

„ჩვენს ფილიალში დღეში, მინიმუმ 30 ადამიანი შემოდის ოქროს დასალომბარდებლად, ასეთ კატეგორიას, როგორც ვუკვირდებით, ფინანსურად ძალიან არ უჭირთ. ძირითადად ხელფასიდან ხელფასამდე აბარებენ ოქროს და შემდეგ 2 კვირაში გააქვთ.

„კი შესაძლოა, ჩვენ სხვა სერვისებიც გვაქვს ლომბარდის გარდა, მაგრამ 100-დან 65 ადამიანი ოქროს აბარებს. ხელშეკრულების თანახმად, 2 თვის გადაუხდელობის შემდეგ შეგვიძლია ადამიანების დალომბარდბეული ნივთები გავყიდოთ. იქამდე კი აუცილებლად ვურეკავთ და შეთანხმების პირობებს ვახსენებთ.",- საუბრობს კიდევ ერთი ლომბარდის თანამშორმელი.

ოფიციალური სტატისტიკით, თუ რამდენი ლომბარდი ფუნქციონირებს ამ დროისთვის ქვეყანაში, არ არსებობს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო, 2020 წლის კვლევით, საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული იყო 193 მოქმედი ორგანიზაცია. აქედან, 46.1% - თბილისში, 14.5% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 14% - იმერეთში, 12.4% - აჭარაში, დანარჩენი 13% კი იმერეთში მდებარეობდა.

ლომბარდების საბალანსო მოგება 2020 წლისთვის 18.4 მლნ ლარი, ხოლო გაცემული სესხების მოცულობა 322.8 მლნ ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ 3 წლის წინ, 2017 წლისთვის ქვეყანაში 77.9%-ით მეტი, 875 ლომბარდი ფუნქციონირებდა.

წყარო: bpn.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×