რეზონანსი
29.09.2023

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ყარაბაღის საკითხზე და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე ისაუბრა.

მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იყო ურთიერთობების მშვიდობიანი გზით დარეგულირების შანსები, თუმცა რუსეთმა ორ ქვეყანას შორის ძალიან ნეგატიური როლი შეასრულა.

„საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტეთ, რომ არ გამოვიყენებთ ძალას, რადგან გვინდა, რომ ეს იყოს იქ მცხოვრები მოსახლეობის და არა გამოყენებული ძალის ნება. ვფიქრობ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი დარეგულირების შანსები იყო. სამწუხაროდ, რუსეთმა ამ ორ ქვეყანას შორის ძალიან ნეგატიური როლი შეასრულა, რათა არ დაეშვა ამ საკითხის შეთანხმებული მოგვარება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ბოლო მოვლენებმა შეცვალა სომხეთის მოსახლეობის დამოკიდებულება და აზრი, რომ მხოლოდ რუსეთს შეუძლია სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

„ამან ასევე ღრმად შეცვალა სომხეთის მოსახლეობის დამოკიდებულება მისი მეგობრები და მტრების მიმართ და გაქრა ის რწმენა, რომ მხოლოდ რუსეთს შეუძლია, იყოს უსაფრთხოების გარანტორი ამ პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც აზერბაიჯანი და თურქეთი ესაზღვრება და აქვს ძალიან მძიმე ისტორიული გამოცდილება. ახლა სომხეთის მოსახლეობა იყურება იმ მიმართულებით, სადაც მას შეუძლია იყუროს და ეს დასავლეთია", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის აზრით, სომხეთისთვის ერთადერთი პერსპექტივა ახლა დასავლეთი და ევროკავშირია.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საჭიროა რეგიონში ევროკავშირისა და აშშ-ის მეტი ჩართულობა.

„სომხეთისთვის ერთადერთი პერსპექტივა ახლა არის დასავლეთისკენ და ევროკავშირისკენ ყურება, რომელიც ამ ბოლო ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული. სომხეთში, საქართველოს მსგავსად, განთავსებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება ევროკავშირისა და ამერიკელების მეტი ჩართულობა, რომლებიც ბოლო დროს აჩვენებენ, რომ მათ სურთ ჰუმანიტარული მისიის გაგზავნა და სურთ, იყვნენ უფრო მეტად წარმოდგენილი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×