რეზონანსი
16.09.2023

„ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის განცხადებით, კონტექსტი, რომ „რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ოთარ ფარცხალაძეს იყენებს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასიკეთო გავლენების მოსახდენად", არის აბსოლუტური ტყუილი.

ამის შესახებ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა აშშ-ს მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შესახებ.

„ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით, რამდენადაც ცნობილია, სუს-მა დაიწყო მოკვლევა და ყველაფერს გაეცემა პასუხი, მაგრამ აქ ფარცხალაძე კი არაა პრობლემა, პრობლემაა კონტექსტი, ის რაც ახლავს ფარცხალაძის სანქცირებას. წაგიკითხავთ სიტყვა-სიტყვით: „რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს იყენებს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასიკეთო გავლენების მოსახდენად", რაც არის აბსოლუტური ტყუილი და კიდევ ერთხელ ფარდას ხდის იმ კონტექსტს, რასაც გლობალური ომის პარტია აწარმოებს. კერძოდ იმას, რომ საქართველო რამენაირად გახადონ ომის მხარე, გაიხსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, ან თუ ეს არ მოხდა, დასაჯონ საქართველო და მისი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა აირიდოს.

ეს კონკრეტული ბრალდება არის აბსურდული და შესაბამისად ფარცხალაძის სანქცირების დაკავშირება ქართულ პოლიტიკასთან და ქართულ საზოგადოებაზე გავლენასთან არის გამოგონილი ბრალდება, ისევე როგორც დღემდე ვერ გაიგო საზოგადოებამ იმ ოთხი ქართველი მოსამართლის სანქცირება, რაც იყო საქართველოს ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით და სხვა საფუძველი ამას არ ჰქონდა," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, სანქცირების საკითხის ხშირად არამართებულად წამოჭრამ, ამ სიტყვას შინაარსსაც დაუკარგა მნიშვნელობა.

„რაღაცნაირად ცნებებისა და ფაქტების დევალვირებაც კი ხდება. სანქციის ცნებამაც დაკარგა აზრი. ეს არ არის მხოლოდ სანქციის ეკონომიკური შინაარსი, ეს ერთგვარი მორალური დარტყმაც არის პიროვნებაზე, იმ სახელმწიფოზე, რომლის სანქცირებაც მოხდა.

ფარცხალაძე რომ ოლიგარქი იყოს, მე არ ვიცი მას რამხელა ფინანსური შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ეს რომ ასე იყოს, მას მინიმუმ ქართულ პოლიტიკურ ძალებზე და მედიაზე უნდა ჰქონდეს გავლენა, რისგანაც ის არის აბსოლუტურად მოშორებული და დაცლილი, განსხვავებით კეზერაშვილისაგან, რომელიც არის უმდიდრესი ადამიანი, ვინც პოლიტიკასთანაა კავშირში. ეს არის ქართული ჯარისთვის მოპარული ფული ევრო[ელი და ქართველი პენსიონერებისთვის და ადამიანი, რომელიც აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს, აფინანსებს, ოპოზიციურ ტელევიზიებს და შესაბამისად, გავლენას ახდენს, ან ცდილობს გავლენის მოხდენას ქართულ პოლიტიკაზე.

შესაბამისად, ის პირდაპირ ჯდება ოლიგარქის განმარტებაში და ეს ადამიანი, კრიმინალი, რომლის ბრალეულობა დადასტურებულია ქართული გამოძიებით და სასამართლოთი, ასევე BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებითაც, თავისუფლად დადის ევროპაში და არა მხოლოდ დადის, არამედ ხვდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი და მოქმედი მაღალი თანამდებობის პირებს, ერთ-ერთი არის კურტ ვოლკერი. აი ეს იწვევს უნდობლობას, მათ შორის სანქციების თემის მიმართაც კი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×