რეზონანსი
14.09.2023

ძალიან კარგი იქნება თუ „ქართული ოცნების" ლიდერები დროზე დაინახავენ და გაითავისებენ იმას, რომ შემდეგი „ქვა თავში მაგათ მოხვდებათ", რადგან სანქციების კასკადი ასე იწყება და მერე ძალიან სწრაფად ვითარდება , - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას გამოეხმაურა.

გიორგი რუხაძის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე ყველაფერს ბიძინა ივანიშვილისა და „ოცნების" ლიდერების ნებართვით აკეთებს.

„მე ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ფარცხალაძე იმას აკეთებდა, რასაც აკეთებდა, ივანიშვილისა და „ოცნების" ლიდერების ნების საწინააღმდეგოდ. მათი ნებართვით აკეთებდა ამ ყველაფერს. ეს ყველაფერი, რაც ხდება, ჯერ ერთი უდიდესი სირცხვილია ქვეყნის, მაგრამ მეორეს მხრივ, საზოგადოებამ უნდა დაინახოს და გაითავისოს, რომ როდესაც ყოფილ მთავარ პროკურორს, ივანიშვილის მარჯვენა ხელს ასანქცირებენ რუსული ინტერესების, „კაგებეს" ინტერესების გატარებისთვის საქართველოში, ამით ყველაფერი ნათქვამია. საერთოდ როგორ მართავენ ამ ქვეყანას? რა მორალური ან სხვა უფლებით არიან ისინი დღეს ხელისუფლებაში, უბრალოდ არ მესმის", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

გიორგი რუხაძის თქმით, ამერიკული მხარე აღნიშნული გადაწყვეტილებით ამბობს, რომ „ქართული ოცნება" რუსული ინტერესების გამტარებელი.

„ამერიკულმა მხარემ ოფიციალურ თბილისს ამით უთხრა, რომ მასკარადი დამთავრებულია, ყველამ იცის ვინ ვინ არის და ვინ ვის ინტერესს წარმოადგენს. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ, არის თუა რა ეს რუსული ხელისუფლება, არის თუ არა რუსული ინტერესების მატარებელი და მერე დისკუსიებში შევდივართ, რომ აბა, სადაა დამადასტურებელი, აგერ ბატონო დამადასტურებელი, ამაზე მეტი დამადასტურებელი რა შეიძლება იყოს?", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

როგორც გიორგი რუხაძემ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" აღნიშნა, „ქართული ოცნების" ლიდერები სავარაუდოდ ამერიკული მხარისგან მტკიცებულებებს მოითხოვენ.

„შეიძლება თაგვებივით გაისუსონ და თქვან, რომ ფარცხალაძე ვიღაც კერძო პირია და ჩვენ რა ვიცით საერთოდ, ვინ არის და რას აკეთებს და არ არის გამორიცხული, რომ ილაპარაკონ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს არ აქვს მტკიცებულებები და წარმოადგინონ ფარცხალაძეზე, როგორც მოსამართლეებზე ილაპარაკეს. ეს ხალხი საერთოდ გასულია მომსახურების ზონიდან და არ ვიცი, რა განცხადებას გააკეთებენ,. მაგრამ არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. აშშ-მ ყოფილი პროკურორი დაასანქცირა „კაგებეს-თან" თანამშრომლობისთვის და ეს კაცი ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელია. რაც არ უნდა თქვან რა აზრი აქვს?", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×