რეზონანსი
10.09.2023

საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დასაქმებულ ყველა სპეციალისტს პროფესიულ დღეს ვულოცავ. თითოეული მათგანის წარმატებულ საქმიანობაზე დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს განვითარება და მისი მოქალაქეების კეთილდღეობა. ძლიერი და მდგრადი ენერგეტიკული სისტემა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საფუძველია, ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ აღნიშნული სექტორის განვითარება ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი განცხადებას ავრცელებს.

10 სექტემბერი საქართველოს ენერგეტიკოსის დღეა.

„სწორედ ამიტომ ჩვენს ქვეყანაში არსებული განახლებადი ენერგიების უხვი პოტენციალი წარმოადგენს ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად ფოკუსს. ამ წყაროების სწორი გამოყენება არა მხოლოდ ქმნის ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების საფუძველს, არამედ, წარმოადგენს შესაძლებლობას, ვუპასუხოთ გლობალურ გამოწვევებს და მივაღწიოთ კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილების კუთხით დასახულ მიზნებს.

ჩვენ გვაქვს ამბიცია გავხდეთ რეგიონში მწვანე ენერგიის „ჰაბი". ამ მიზნის მისაღწევად ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობთ ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მწვანე ენერგიის შემდგომ განვითარებას. ეს ცვლილებები მიზნად ისახავს ინვესტიციების მოზიდვას არა მხოლოდ ტრადიციულ ჰიდროენერგეტიკაში, არამედ ქარის, მზის, ბიომასის, წყალბადის და სხვა არატრადიციული ენერგიის წყაროების გამოყენებაში. მწვანე ენერგეტიკის განვითარების კიდევ ერთი სტიმული იქნება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც ჩვენს რეგიონს ევროპის ბაზრებთან დააკავშირებს და რომელსაც მაღალი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს.

საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში, იქნება ეს ელექტროგადამცემი ხაზები, ქვესადგურები, გაზსადენები და სხვ. ყოველივე ეს აუცილებელია ქვეყნის ენერგეტიკის შემდგომი განვითარებისა და ზოგადად, ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს", - წერს დავითაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×