რეზონანსი
10.09.2023

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის თქმით, ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან სულ 200-მდე ადამიანია გაყვანილი - ზოგი მათ მიერ, ზოგიერთი კი თავისი სურვილით.

მისივე განცხადებით, საჭირო სამუშაოების განსახორციელებლად დღეს დამატებითი ტექნიკა ბათუმიდან ჩავიდა.

"ყველა სოფელში, სადაც საჭიროა, ტექნიკა მობილიზებულია. დღეს კიდევ დამატებითი ტექნიკა მივიღეთ ბათუმიდან. გაშვებულია ტრაქტორები, რათა მაქსიმალურად მოხდეს გზების გაწმენდა. მუნიციპალიტეტიდან ადმინისტრაციულ ერთეულამდე დამაკავშირებელი ყველა ცენტრალური გზა უკვე გაწმენდილია. ახლა მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები.

გუშინ, დღის განმავლობაში, კიდევ რამდენიმე მოქალაქე იქნა გაყვანილი საფრთხის შემცველი ზონიდან. წუხელ რამდენიმემ ისურვა გასვლა, რადგან მთელი დღის განმავლობაში დავდივართ და ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ გავიდნენ. ძალიან ბევრი იკავებს თავს, მაგრამ ღამით დაახლოებით კიდევ 10 ადამიანი გავიყვანეთ. ამ ეტაპზე ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 200 ადამიანია ასე გასული. ზოგი ჩვენ გავიყვანეთ, ზოგიც თავისი სურვილით ახლობელთან გადავიდა.

ყველაზე დიდი გაყვანა მოხდა სოფელ ხორეთიდან და სოფელ წიაღოვნიდან. სამაშველო სამსახურის ბრიგადები ფაქტობრივად მთელი ქვეყნიდან ჩვენთან არის მობილიზებული, რათა 24 საათის განმავლობაში დაეხმარონ მოქალაქეებს, გაიყვანონ უსაფრთხო ადგილას და შემდეგ ტექნიკით შესაბამისი დახმარება გაგვიწიონ" - განაცხადა ლანჩხუთის მერმა [საზოგადოებრივი მაუწყებელი]

როგორც ის აღნიშნავს, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მას შემდეგ დაიწყება, რაც ყველა სახის კომუნიკაცია აღდგება.

შეგახსენებთ, რომ გურიაში სტიქიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 2 ბავშვია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×