რეზონანსი
17.08.2023

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე ამბობს, რომ მაღალი ტემპერატურის პრეიოდმა 1-2 კვირით გადაიწია და წელს სექტემბერიც ცხელი იქნება:

„ბოლო წლებში ზაფხული ნორმასთან შედარებით ცხელია. იგივე ითქმის ზამთარზეც. ბოლო წლებში ზამთარი ნორმაზე მაღალი ტემპერატურით ხასიათდება. თბილისში, 90-იანებში, თოვლი არავის უკვირდა, ახლა იშვიათობაა. ესეც კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული.

ჩვენ პროგნოზირებული გვქონდა ცხელი ზაფხული, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო წყნარ ოკეანეში მიმდინარე მოვლენასთან. ე.წ. ელ-ნინიოსთან. ელ-ნინიო წყნარ ოკეანეში მიმდინარე პროცესია, რომლის დროსაც ოკეანის წყლის ზედაპირის ტემპერატურა იმატებს. ელ-ნინიო მაისში გაჩნდა, აქტიურ ფაზაში კი აგვისტოს დამდეგს გადავიდა. მისთვის დამახასიათებელია თბური ტალღები, რომელთა დროს შესაძლოა რომელიმე რეგიონში მაქსიმალური ტემპერატურები დაფიქსირდეს, მრავალწლიურ მაქსიმუმს გადააჭარბოს; ან შეიძლება ასე არ მოხდეს, მაგრამ ცხელი პერიოდი დიდხანს გაგრძელდეს.

სავარაუდოდ, წლევანდელი სექტემბერიც ცხელი იქნება. ადრე თუ მაქსიმალური ტემპერატურა ძირითადად ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე გრძელდებოდა, ახლა ცოტა წინ წაიწია. დაახლოებით აგვისტოს დასაწყისიდან ან ცოტა მერეც იწყება სიცხეები და გრძელდება სექტემბრის შუა რიცხვებამდე.

ადრე ვამბობდით ხოლმე, რომ საქართველოში ამინდის ფორმირებაზე გავლენას ახდენს ატლანტის ოკეანეში მიმდინარე პროცესები, ახლა უფრო მასშტაბურად განიხილავენ. მთლიანად ოკეანეებში მიმდინარე პროცესები ახდენს გავლენას ატმოსფეროზე, მერე კი ატმოსფეროს ცირკულაცია გავლენას ახდენს სხვადასხვა ქვეყანაზეც", - განუცხადა "კვირის პალიტრას" ხათუნა ქოქოსაძემ.

კვირის პალიტრა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×