რეზონანსი
16.08.2023

15 აგვისტოს Black Sea Arena-ს სცენაზე, The Killers-ის კონცერტის მიმდინარეობისას, სოლისტმა აუდიტორიას ჰკითხა, იყო თუ არა დარბაზში ისეთი მსმენელი, რომელმაც დრამზე დაკვრა იცოდა. შერჩეულ მსმენელს მან ეროვნება ჰკითხა, შემდეგ კი დარბაზს მიმართა, იყო თუ არა მისაღები მათთვის რუსი დრამერი.

აღნიშნულს მსმენელების ნაწილის პროტესტი და შეძახილები მოჰყვა. ამის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა. დასრულების შემდეგ სოლისტმა აუდიტორიას მიმართა და აღნიშნა, რომ ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და მუსიკაში საზღვრები არ არსებობს, რომ დარბაზში შეკრებილები ერთმანეთის ძმები და დები არიან. ამ სიტყვებმა მსმენელების ნაწილი კიდევ უფრო გააღიზიანა, ნაწილმა დარბაზი დატოვა. მოგვიანებით ჯგუფმა და "ბლექ სი არენამ" ბოდიში მოიხადეს.

აღნიშნულ ინციდენტს საერთაშორისო პრესაში გამოხმაურებები მოჰყვა:

"ამერიკული ჯგუფი The Killers ბოდიშს იხდის საქართველოში რუსი ფანის სცენაზე აყვანის გამო" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Reuters და წერს, რომ ჯგუფმა ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც სცენაზე სოლისტმა რუსი დრამერი აიყვანა და მსმენელებს უთხრა, რომ ერთმანეთის "ძმები და დები" არიან.

"საქართველოს დაძაბულობის ხანგრძლივი ისტორია აქვს ჩრდილოელ მეზობელთან, რაც უფრო გამწვავდა მოსკოვის მიერ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრითა და შემდგომში რუსი ემიგრანტების დიდი ნაკადით, რომლებიც თავიანთი ქვეყნიდან გაიქცნენ," - წერს სააგენტო და აღნიშნავს, რომ ქართული საზოგადოებრივი აზრი უმეტესწილად პროუკრაინულია.

მსგავსი სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC-იც და აღნიშნავს, რომ საქართველოს, რომელმაც რუსეთისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა, მეზობელთან "დაძაბულობის გრძელი ისტორია" აქვს.

"რუსეთი 2008 წელს შეიჭრა საქართველოში და დღემდე ოკუპირებულია ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს ნაწილი. დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც შარშან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოში რუსების ემიგრაცია მოხდა," - წერს ბრიტანული გამოცემა და ისიც აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე ქართული საზოგადოებრივი აზრი პროუკრაინულია.

"ყვირილი და დარბაზის დატოვება მას შემდეგ, რაც The Killers-მა ქართულ აუდიტორიას უთხრა, რომ რუსი მათი "ძმაა" - Black Sea Arena-ზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება The Guardian-იც.

"რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას 2008 წლის შეჭრის შემდეგ. 2020 წლისა და რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსების შემოდინება დაიწყო საქართველოში, რომელმაც საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა," - წერს გამოცემა და იმასაც აღნიშნავს, რომ საპასუხო რეაქცია გვქონდა საკრუიზო ლაინერ "ასტორია გრანდეს" ბათუმის პორტში შემოსვლაზე.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასა და რუსეთის მიერ 2008 წელს ქვეყანაში შემოჭრას იხსენებს The Independent-იც. ონლაინგაზეთი აღნიშნავს იმასაც, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და რუსების საქართველოში შემოდინების შემდეგ დაძაბულობა გამწვავდა.

მომხდარს სხვა გამოცემებიც გამოეხმაურნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×