რეზონანსი
15.08.2023

ყველა საპარლამენტო ბერკეტს გამოვიყენებთ, რათა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი გაეცეს. შინაგან საქმეთა მინისტრი არის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობაა, კითხვებზე პასუხი გასცეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვახტანგ გომელაურს მოუწევს, პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში კითხვებს პასუხი გასცეს.

„იცით, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა გვაქვს დაანონსებული. ხელისუფლების წარმომადგენლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ხელისუფლებას რაღაც აქვს დასამალი. შინაგან საქმეთა მინისტრი არის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობა, მოვალეობაა, რომ ამ კითხვებზე პასუხი გასცეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე განცხადებები გააკეთა. საზოგადოება და დაღუპულების ოჯახები იმსახურებენ პასუხებს კონკრეტულ კითხვებზე, რამდენად იყო შესაძლებელი ამ ტრაგედიის თავიდან აცილება. სტიქიური უბედურებებისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა სტიქიური უბედურებების დროს სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი, საქმე არის რისკის მინიმუმამდე დაყვანა. ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხი კითხვაზე, რამდენად შესაძლებელი იყო ჯერ პრევენციული სამუშაოები, რათა სახელმწიფოს წინასწარ სცოდნოდა სტიქიასთან დაკავშირებით, ასევე რამდენად დაგვიანებული იყო სამაშველო სამუშაოები, რატომ დაიწყო ის სამი საათის დაგვიანებით, რატომ ჩათვალა ხელისუფლებამ, რომ აუცილებელი არ იყო მეზობელი ქვეყნებისთვის დახმარებისთვის მიემართა, რატომ შეწყვიტეს ღამე ვერტმფრენით სამუშაოები მაშინ, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო პირველი ღამე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაიღუპნენ და რამდენად არის სახელმწიფო მზად, კიდევ მსგავსი რამე თუ დამუქრება საქართველოს მოქალაქეებს, შესაბამისი პრევენცია მოახდინოს. ეს არის კითხვები, რომლებსაც დავუსვამთ შინაგან საქმეთა მინისტრს. შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწევს, ინტერპელაციზე გვიპასუხოს ამ კითხვებზე", - აღნიშნა ანი წითლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×