რეზონანსი
15.08.2023

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, უკვე 79 უძრავი ქონებაა შესყიდული. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, უკვე მომზადებულია მთავრობის განკარგულების პროექტი და დამატებით ექვსი უძრავი ქონების შეძენა მოხდება.

„ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო უსახლკარო ოჯახების დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და მოსახლეობას დავპირდით, რომ თბილისში არცერთი უსახლკარო ადამიანი არ გვეყოლებოდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს დავიწყეთ ბინების შესყიდვა. უკვე 56 ბინა შესყიდული, ხოლო მიმდინარე წელს შესყიდულია 23 საცხოვრებელი ფართი, რაც ჯამში, 79 უძრავ ქონებას შეადგენს. გარდა ამისა, უკვე მომზადებულია მთავრობის განკარგულების პროექტი დამატებით, ექვსი უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ოჯახი არ იქნება ფართით დაკმაყოფილებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მოქალაქეებმა, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს, ჯერ უსახლკაროს სტატუსი უნდა მიიღონ.

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იმ მოქალაქეებმა, რომელთაც აღნიშნული პრობლემა აქვთ, პირველ ეტაპზე, უსახლკაროს სტატუსი უნდა მიიღონ. უსახლკაროს სტატუსს ჯანდაცვის სამინისტრო ანიჭებს. შემდეგ უკვე საკითხს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. დღეის მდგომარეობით, 400-მდე უსახლკარო ოჯახი გვყავს რეგისტრირებული და საცხოვრებელ ფართს ყველა მიიღებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×