რეზონანსი
12.08.2023

პრემიერობის ორ ვადას შორის, ღარიბაშვილი დასაქმებული იყო ჩინურ კომპანიაში, შესაბამისად, ღარიბაშვილის ინტერესია დიდძალი ფულის გამომუშავება საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ პარტია „ლელოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა და ამით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ერთ-ერთი ჩინური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა.

როგორც გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, დღეს ქართველი ხალხის უმთავრესი პრიორიტეტი „რუსეთის მსახური და ჩინეთის ლობისტი" ხელისუფლების სასწრაფოდ დამარცხება უნდა იყოს.

„ჩინური ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუ კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არამარტო რუსეთის მსახური, არამედ ჩინეთის ლობისტია. ღარიბაშვილი ღიად აქებს და მხარს უჭერს ისეთ ჩინურ ინიციატივებსა და ინსტიტუტებს, რომლებსაც ჩინეთი დასავლეთის საპირწონე ალტერნატიული „ჩინური მსოფლიოს" შესაქმნელად იყენებს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი სახელმწიფოს ტრადიციულ საგარეო და უსაფრთხოების კურსს. ამავე დროს, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა ძირითადი სტრატეგიული პარტნიორის მიზნებს. ეს ღარიბაშვილს არ ადარდებს. პრემიერობის ორ ვადას შორის, ღარიბაშვილი დასაქმებული იყო ჩინურ კომპანიაში, შესაბამისად, იგი დაინტერესებული მხარეა - ღარიბაშვილის ინტერესია დიდძალი ფულის გამომუშავება საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე და მათ საწინააღმდეგოდ.

სწორედ ამის ნაწილია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტიც, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, რომელსაც ხელისუფლება აშკარად ჩინეთს ჩაუგდებს ხელში. ეს იქნება უდიდესი დარტყმა არამარტო ქართული ეკონომიკისთვის, არამედ, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებისთვის. რასაკვირველია, ამას მოჰყვება შესაბამისი გამოხმაურება დასავლეთიდან და მკვეთრად ნეგატიურად აისახება საქართველოს ევროპულ და შესაძლოა კიდევ უფრო მეტად ატლანტიკურ ინტეგრაციაზე. დღეს ქართველი ხალხის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს რუსეთის მსახური და ჩინეთის ლობისტი ხელისუფლების სასწრაფოდ დამარცხება, საქართველოზე პრო-ქართული კონტროლის აღსადგენად და ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გასაყვანად. ამ ქვეყნის ადგილი ევროკავშირსა და ნატო-შია და ჩვენ ამას მივაღწევთ", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×