რეზონანსი
10.08.2023

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში სამაშველო სამუშაოების დროს "არაფერი დაუკლიათ". მას ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ თქვა სახელმწიფომ უარი სხვა ქვეყნებისგან დახმარებაზე, რაზეც მღებრიშვილი ამბობს, რომ ადგილზე იმაზე მეტი ძალა იყო მობილიზებული, ვიდრე "შესაძლოა გონივრული იყოს".

მისივე თქმით, ვერტმფრენის ჩართვასთან დაკავშირებით, პირველ ღამეს, არ იყო აღარაფერი აუცილებლობა და რომც ყოფილიყო, იყო მაღალი რისკი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მაინც გარისკავდნენ.

"ჩვენ ყოველთვის, აბსოლუტურად, ნებისმიერ ინციდენტზე გვაქვს გათვლა ყველაზე უარესზე. რაც შეეხება უფრო სწრაფად ჩართვას და დავაკელით თუ არა რამე, მე რომ ამ კითხვას დამისვამთ, ალბათ ჩამითვლით სუბიექტურად, თუკი გიპასუხებთ ჩემს მოსაზრებას და ვიტყვი, რომ არაფერი დაგვიკლია. შემიძლია ამის ქრონოლოგიურად ახსნა, პირველი 3 ვერტმფრენი იყო მობილიზებული - ერთი ქუთაისიდან, ორი თბილისიდან, რომლებიც დაუყოვნებლივ მზად იყვნენ გამოსაფრენად. მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვერ აფრინდა ქუთაისიდან ვერტმფრენი, თბილისიდან მოვასწარით ჩამოსვლა ვერტმფრენების საშუალებით და ეს ის დროა, როცა სწრაფი რეაგირების ჯგუფები, ჩვენ დაახლოებით პირველი ვერტმფრენი რომ ჩამოფრინდა, ჩამოვიტანეთ 2 ტონა სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია მსგავსი ინციდენტების შემთხვევაში. ის რომ რაღაც დავაკელით, არაფერი არ დაგვიკლია. ბრძანეთ თქვენ, რატომ არ მოვითხოვეთ დახმარება, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის რესურსი, ადამიანური, ცოცხალი ძალის, სპეციალური აღჭურვილობის, სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური სატრანსპორტო ტექნიკის, აბსოლუტურად იმაზე მეტი ძალებია მობილიზებული, ვიდრე შეიძლება იყოს გონივრული. [...]

ვთანხმდებით, რომ ღამე ვერ დაფრინავენ, მაგრამ აქაც, კიდევ ერთხელ ვიძახი, სრული პასუხისმგებლობით, აბსოლუტურად, არ გავურბივარ მაგ კითხვას, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ღამე მანდ რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო ვერტმფრენი, პირველ რიგში, არ იყო აღარაფერი აუცილებლობა მაგის და რომც ყოფილიყო აუცილებლობა, იყო მაღალი რისკი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მაინც ალბათ, გავრისკავდით და ვიმოქმედებდით. რატომ არ გავრისკეთ და რატომ არ იყო საჭირო - გვქონდა ჩვენ ადგილზე მობილიზებული შესაბამისი სითბური დრონები, რომლებიც ძალიან მარტივად აფიქსირებდა იმ არეალს, რომელიც იყო დატბორილი, ტყის მასივში შესული იყო ცოცხალი ძალა. [...] არ არსებობდა გარისკვის არც ერთი თუნდაც მცირე შანსი, რომ ჩვენ არ გამოგვეყენებინა, გამოვიყენეთ", - ამბობს მღებრიშვილი.

მღებრიშვილმა გაიმეორა, რომ სითბური დრონების საშუალებით აღმოაჩინეს ის ლოკაციები, სადაც იყვნენ ადამიანები უსაფრთხო ადგილას გახიზნულები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×