რეზონანსი
10.08.2023

რადიკალურ ოპოზიციას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფუნქციები 112-ის ფუნქციებში ერევა - რამდენიც გაუჭირდებათ და კრიზისში აღმოჩნდებიან, უნდათ სასწრაფო დახმარების ფუნქცია პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ შეასრულოს, - ასე პასუხობს უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც შოვის სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის წევრებს სხვა საპარლამენტო მექანიზმები გააჩნიათ, რომელთა გამოყენებით კითხვების დასმა შეუძლიათ.

მისივე თქმით, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტად იმ პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გაჩნდა, „ვისაც გაუქარწყლდა ნარატივი, რის შექმნასაც აპირებდნენ".

„დადასტურდა მათ მიერ ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და კითხვები გაჩნდა პირიქით, თუ რატომ აკეთებდნენ ამას და დღემდე რატომ არიან ჩუმად.

საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ე.წ. ადრეული გაფრთხილების სისტემები მუშაობს მაშინ, როცა მდინარის კალაპოტის შემცირება ან გაზრდა ხდება. ოფიციალურად დადასტურდა, რომ შოვში მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა - დადასტურდა მათ შორის სატელიტური გადაღებით.

რა თქმა უნდა, სამომავლოდ გარკვეული სისტემების გაუმჯობესება, გამოცდილების გაზიარება უნდა მოხდეს, მაგრამ შოვის ტრაგედია იყო ძალიან სწრაფად მომხდარი ბუნებრივი კატასტროფა და იმ ნარატივის შექმნა, რომ ხელისუფლებას რაიმეს გაკეთება შეეძლო და არ გააკეთა, არ დასტურდება.

დეზინფორმაციას ბოლო უნდა მოეღოს და ამის მარეგულირებელი კანონმდებლობა უნდა არსებობდეს. დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ გარკვეული რეგულაციები უნდა არსებობდეს, რათა მისი პრევენცია მოხდეს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×