რეზონანსი
10.08.2023

"უფლებები საქართველოს" ინფორმაციით, მათი ადვოკატების განცხადების საფუძველზე, თბილისის პროკურატურამ, 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გოგოს დედა დაზარალებულად ცნო.

ორგანიზაციის ცნობით, დღეს, პროკურატურა დაზარალებულს გადასცემს მტკიცებულებების დაზიანების საქმეში არსებულ მასალებს.

"უფლებები საქართველომ" ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყება 2023 წლის 5 ივლისს მოითხოვა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უნდა დადგინდეს, თუ რა გარემოებებში მოხდა საკვანძო მტკიცებულებების შემცველი დალუქული პაკეტის მთლიანობის დარღვევა, რამაც გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებზე მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი დანაშრევებისა და ნადებების წარმოქმნა გამოიწვია", - წერია განცხადებაში.

ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში მტკიცებულებების დაზიანებას თბილისის პროკურატურა იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფო ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

შეგახსენებთ, 12 წლის მოზარდის ცხედარი 17 მარტის ღამეს, დიდ დიღომში, მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა, სახლთან ახლოს, პეტრიწის 12 ნომერთან იპოვეს. ტერიტორია, სადაც ბავშვი ნახეს, მისი სახლის უკან, დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×