რეზონანსი
09.08.2023

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, დღეს ნაპოვნი ორი ცხედრიდან ერთ-ერთი ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, ხოლო მეორე მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით, არცერთი მათგანი არ არის ამოცნობილი.

„ორი ცხედრის პოვნა მოხერხდა. ერთი ცხედარი იყო უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში. ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე. მოზარდის ცხედარია. მეორე ცხედარი ნაპოვნია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კმ-ში. ამ დროისთვის არის 21 ცხედარი ნაპოვნი და დარჩენილია 12, რომლის ძებნაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ამჟამად 9 ლოკაციაზე გვაქვს აქტიური საძიებო სამუშაოები. რაც შეეხება უფრო მეტ ინფორმაციას ცხედრების შესახებ, არ მინდა ისეთი ინფორმაციის გაჟღერება მომიწიოს, რაც შეიძლება მერე არ დადასტურდეს, ეს არის ერთი მოზარდის და ერთი მდედრობითი სქესის, თუმცა ჯერ კიდევ არ მინდა ვთქვა იმიტომ, რომ პროზექტურაშია. ამ დროისთვის თუ არ ვცდები, 4-ის იდენტიფიცირება მიმდინარეობს", - განაცხადა მღებრიშვილმა.

მისი თქმით, სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს და უკვე ძალიან დიდი ტერიტორია არის გადამოწმებული.

„გარდა ამისა, მაღალი ტემპერატურაა და გარკვეული სახის დაავადებების საფრთხე არსებობს. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები გვაქვს მიღებული პირბადეების საშუალებით. ვცდილობთ, ყველაფერი იმ პროტოკოლის ფარგლებში იყოს, რაც მსგავს სიტუაციებში აუცილებელია", - განაცხადა მღებრიშვილმა.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა იმ პირების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, რომლებსაც სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ, თემურ მღებრიშვილმა განმარტა, რომ ეს საკითხი ჭირისუფლებთან უნდა შეთანხმდეს.

„გასაჯაროების შესახებ ინფორმაციაზე ვერაფერს გეტყვით. ჩემი აზრით, ეს უშუალოდ ჭირისუფლებთან უნდა შეთანხმდეს და მათი ნებართვის შემდეგ შეიძლება გასაჯაროვდეს, თუმცა, მეტს ვერაფერს მოგახსენებთ",-განაცხადა მღებრიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×