რეზონანსი
09.08.2023

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა" რაჭის სტიქიასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

ფრაქციის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, როდესაც მსხვერპლი დღითიდღე იზრდება არსებობს ორი მთავარი კითხვა, იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში და იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.

ბოკუჩავას თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლება, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილი პირადად, მრავალი წელი საზოგადოებას მონიტორინგის სისტემის დანერგვას პირდებოდა.

„ჯერ კიდევ 2014 წლის საქართველოს სოციალურ ეკონომიკურ სტრატეგიაში პრიორიტეტულ ამოცანად არის განსაზღვრული ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემების დანერგვა. იგივე მიზანი ფიგურირებს სხვა ოფიციალურ სახელმწიფო დოკუმენტებშიც. მონიტორინგის სისტემის დანერგვისთვის 70 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო სახელმწიფომ ჯერ კიდევ 2018 წელს დასავლელი პარტნიორებისგან. სისტემის დანერგვა პრიორიტეტად არის გამოყოფილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც, მაგრამ ვხედავთ, რომ ადრეული გაფრთხილების სისტემა დღემდე არ არის შექმნილი და ბიუჯეტით გაწერილი პროგრამა არ არის განხორციელებული.

მეტიც, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც ახლა ეკონომიკის მინისტრი და ვიცე - პრემიერია და რომელიც 5 წლის წინ ამტკიცებდა მონიტორინგის სისტემის აუცილებლობას, დღეს ამბობს, რომ მსგავსი ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში, რაც არ უნდა სისტემები გვქონდა და ამით გაფრთხილების სისტემის არ არსებობას და შესაძლო ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას ამართლებს.

ბიუჯეტის ხარჯების შესაძლო გაფლანგვა, შესაბამისი თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედება და მონიტორინგის სისტემის დანერგვის ჩავარდნა პირდაპირი საფუძველია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის.

აღნიშნული ინიციატივით ასევე გამოვიდნენ სხვადასხვა საექსპერტო ჯგუფები, ისევე როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები. ჩვენ, მათ შორის ამ მოსაზრებების გათვალისწინებით, და იმ ფონზე, როდესაც ნულოვანია ნდობა საგამოძიებო უწყებების მიმართ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა შოვში მომხდარი სტიქიის ირგვლივ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ბოკუჩავას თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს, არის სტიქიაზე სახელმწიფოს რეაგირების ადეკვატურობა და ეფექტურობა.

„პასუხისმგებელმა პირებმა საგამოძიებო კომისიას და საზოგადოებას უნდა განუმარტონ: - რამდენად დროული და ოპერატიული იყო სტიქიის პირველ საათებში სახელმწიფო უწყებების რეაგირება.

გუშინ მოვისმინოთ ამორალური გამართლება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის მხრიდან, რომელმაც განაცხადა, ვციტირებ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას: "ვინც იქ უშუალოდ არ დაფარულა, ყველა გადარჩა, ძებნას 15 წუთში დავიწყებდით თუ 1 საათში, ამას რა გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა", მაშინ როდესაც გადარჩენილი ადამიანები ირწმუნებიან, რომ ყოველ წუთს მნიშვნელობა ჰქონდა გადარჩენისთვის. სარჯველაძის ეს განცხადება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ადამიანები სიკვდილისთვის გაწირა.

დამატებითი კითხვები, რომელსაც საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უნდა გაეცეს პასუხი, არის რატომ არ შეიძინა სახელმწიფომ 11 წლის განმავლობაში შესაბამისი სამაშველო ვერტმფრენები; მათ შორის, რატომ თქვა უარი სახელმწიფომ გრანტის სახით გამოყოფილ სამაშველო ვერტმფრენებზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები გვაწვდიდა; რატომ არ გააჩნია შესაბამის სამაშველო სამსახურს თანამედროვე სტანდარტების აღჭურვილობა; ამ პირობებში, რატომ არ სთხოვა ხელისუფლებამ დახმარება მეზობელ ქვეყნებს; რატომ არ ჩაერთო სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, როდესაც ცივილიზებულ ქვეყნებში ასეთი კატასტროფების დროს საათში ერთხელ ახდენს შესაბამისი პირი საზოგადოების ინფორმირებას", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×