რეზონანსი
09.08.2023

საქართველოს პარლამენტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელი წევრი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში დაიწყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA) 44-ე გენერალური ასამბლეა; ღონისძიებაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.

„რამდენიმე თვის წინ AIPA-მ საქართველოს პარლამენტს დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭა და ეს პირველი გენერალური ასამბლეაა, სადაც საქართველოს პარლამენტო დელეგაცია აღნიშნული სტატუსით მონაწილეობს.

ნიკოლოზ სამხარაძემ ღონისძიებაზე შეკრებილ 500-მდე დელეგატს სიტყვით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა ასამბლეის წევრებს საქართველოს პარლამენტისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებისთვის და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან საერთო ინტერესების განვითარებას ეკონომიკური, კულტურული და სხვა მიმართულებებით.

ნიკოლოზ სამხარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან მდებარეობას, ბოლო წლებში განხორციელებულ თუ მიმდინარე რეფორმებს და მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს გამოცდილება რეგიონის ქვეყნებს გაუზიაროს.

ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და აღნიშნა, რომ ზუსტად 15 წლის წინ, რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული ომის შედეგადაც ქვეყნის ტერიტორიის 20% დღემდე რჩება რუსული ოკუპაციის ქვეშ.

მან განსაკუთრებით აღნიშნა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობა და საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს საქართველოს მიერ გაეროში ინციცირებული რეზოლუციების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის დიალოგი გაფართოებულ ფორმატში - AIPA-ს წევრი პარლამენტების წარმომადგენლებთან. ასევე, ორმხრივი შეხვედრები AIPA-ს გენერალურ მდივანთან და საპარლამენტო დელეგაციებთან.

AIPA-ს წევრი ქვეყნები არიან: ინდონეზია, სინგაპური, მალაიზია, ფილიპინები, ტაილანდი, ვიეტნამი, ლაოსი, ბრუნეი, კამბოჯა და მიანმა, AIPA-ს დამკვირვებელი წევრის სტატუსით კი სარგებლობენ ევროკავშირი, აშშ, კანადა, იაპონია, კორეა, ჩინეთი, რუსეთი, ავსტრალია, ნორვეგია, აზერბაიჯანი და უკრაინა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახაშვილი და ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანი ირაკლი ბროკიშვილი", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×