რეზონანსი
13.07.2023

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა რამაზ ახვლედიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემაში „თავისუფალი სივრცე" განაცხადა, საქართველო არა უბრალოდ დაშორდა, არამედ დრამატულად დაშორდა ნატო-ს და საერთოდ, ევროატლანტიკურ სივრცეს მთლიანად

როგორც ის განმარტავს, ხელისუფლების მხრიდან ევროპარლამენტარებისგან ბოდიშის მოთხოვნა არა მხოლოდ შეურაცხმყოფელია, არამედ, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოძრაობაა.

„სიმართლეა ის, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც საქმითაც, სიტყვითაც, ქცევითაც არის ანტიეროვნული, ანტიდასავლური. როცა ბოდიშს ითხოვენ ევროპარლამენტარებისგან, იმ ადამიანებისგან, რომლებიც მხურვალედ უჭერენ მხარს საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებს, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ, ეს არა მხოლოდ შეურაცხმყოფელია, ეს არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების და ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ მოძრაობა, თანაც უტიფრად, რასაც ახლა „ოცნების" მესვეურები სჩადიან, რადგან მათთვის მტერია თანაბრად ყველა, იქნება ეს კრიტიკული მედია, ევროპარლამენტარი, ოპოზიციონერი, თუ კინოცენტრის მხარდამჭერი ახალგაზრდა რეჟისორი, ან აქტივისტი, ნებისმიერი, ერთნაირად, ვინც „ოცნების" სურვილს ეწინააღმდეგება, რომ იყოს და იყოს ხელისუფლებაში", - განაცხადა ახვლედიანმა.

ის ასევე, გამოეხმაურა უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, კახა კალაძის განცხადებას და აღნიშნა, რომ „საქართველო უბედურია, რადგან ასეთ დღეშია".

„ეთერში შემოსვლამდე წავიკითხე „ინტერპრესნიუსზე", კალაძე აცხადებს, რომ არამხოლოდ 2024 -ში გავიმარჯვებთ, 2025-ის ადგილობრივ არჩევნებშიც და 2028-შიც გავიმარჯვებთო. უბედური საქართველოა, რომ ამ დღეშია დღეს. ის, რომ „ქართული ოცნება" არსად წასვლას არ აპირებს, ცხადზე ცხადია, ესენი ჩაბღაუჭებული არიან კორუფციულ საქმეებს, ძალაუფლებას, შავ-ბნელ ინტერესებს, პირდაპირ გეტყვით - ყველაფერს, გარდა, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა, რადგან მთავარი ინტერესი საქართველოსთვის არის, გახდეს სამართლებრივი სახელმწიფო, დაიმკვიდროს საბოლოოდ ადგილი ევროატლანტიკურ სივრცეში, ეს სრულიად მიუღებელია დღევანდელი მმართველობისთვის", - განაცხადა ახვლედიანმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ასევე ისაუბრა ნატო-ს სამიტის შედეგებზეც და აღნიშნა, რომ საქართველოს შეეძლო მიეღო დამატებითი გარანტიები უსაფრთხოების კუთხით, თუმცა, ახვლედიანის შეფასებითვე, მთავრობამ არაფერი გააკეთა.

„ჩემი დაკვირვებით, მაინც ყველაფერი გადაფარა ვილნიუსის სამიტმა, რომელიც სინამდვილეში, არც არავისთვის იყო მოულოდნელი. ვილნიუსის სამიტზე იმ დღეების განმავლობაში ხომ არ გადაწყდებოდა, იქ ხომ არ მოხდებოდა გადაწყვეტილების მიღება ციდან, ჰაერიდან, ეს იყო მთელი მოსამზადებელი პერიოდი, სადაც ვინც მოემზადა და შესაბამისობაში იყო, მან პროგრესს მიაღწია და ვინც სრულ შეუსაბამობაში იყო, ანუ საქართველოს მთავრობა, შესაბამისი შედეგი მიიღო, ანუ ქვეყანამ მთავრობის გამო...

უკრაინაში ამ ბარბაროსული ომის გაჩაღებისთანავე მოგვეცა წარმოუდგენელი შესაძლებლობა, რომ დაჩქარებული ტემპით მომხდარიყო საქართველოს სვლა, როგორც ევროკავშირისკენ, ასევე ნატო-სკენ. ოდნავ ერევნული, ოდნავ პასუხისმგებლიანი მთავრობა ამას გააკეთებდა, რომ პირველი - მიეღო დამატებითი გარანტიები უსაფრთხოების კუთხით, ამ მხრივ, საქართველოს მთავრობამ არაფერი გააკეთა. მეორე, ეს შესაძლებლობა, გეოპოლიტიკური ვითარება გამოეყენებინა რეალურად დემოკრატიული და სამართლებრივი რეფორმების დასაწყებად და დასაჩქარებლად, ყველა მიმართულებით დასაახლოებლად. რა უნდა გაეკეთებინა ნებისმიერ მთავრობას ამ ვითარებაში - ის, რომ შემოეკრიბა ირგვლივ ყველა და დელეგაცია, დელეგაციაზე უნდა ჩასულიყო ნატო-ს წვერი სახელმწიფოს ყველა დედაქალაქში, რომ დაგვემტკიცებინა, შეიძლება განსხვავებულობა გვაქვს რაღაც საკითხებში, მაგრამ რაც შეეხება ნატო-ს და ევროკავშირის სტატუსს, აქ მტკიცე და ერთიანი ვართ.

საქართველო არა უბრალოდ დაშორდა, არამედ დრამატულად დაშორდა ნატო-ს და საერთოდ, ევროატლანტიკურ სივრცეს მთლიანად, დასავლეთს კი არ დაშორდა, საქართველოს მთავრობის მავნებლური პოლიტიკით, სურვილია, მეცადინეობაა, ქვეყანა ამ პროცესს ჩაეხსნას, ეს არის დანაშაული! ჩვენი, ერთობლივი, სწორი სვლით და გადაწყვეტილებებით, ამ მთავრობის ჩამოცილებით და სწორი რეფორმების, დემოკრატიული რეფორმების დაწყებით, ყველაფერი დაბრუნდება, დაბრუნდება სწრაფი ტემპით და საქართველო რა თქმა უნდა, ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ევროატლანტიკურ სივრცეში", - განაცხადა ახვლედიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×