რეზონანსი
13.07.2023

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ასოციაციაში, ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, როგორც წისქვილკომბინატების და ფერმერების, ასევე პურის მწარმოებლების მიერ დათქმული პარამეტრების შესრულება.

მათივე ცნობით, საქართველოს წისქვილკომბინატები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ვალდებულებების უპირობო შესრულებას, აგრეთვე ბაზარზე გამოწვევების შესაბამისად დაინტერესებულ მხარესთან კომუნიკაციის მზაობას აცხადებენ.

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადება წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობის შესახებ (2023 წლის ივნისის პერიოდი).

როგორც ცნობილია, 2023 წლის 12 ივნისიდან საქართველოში იმპორტირებულ ფქვილთან მიმართებით მოქმედებს დროებითი მოსაკრებელი ხუთი თვით, რომლის მიზანია ხორბლისა და ფქვილის აქამდე არსებული არათანაბარი საიმპორტო პირობების გათანაბრება.

დროებითი მოსაკრებლის შემოღებიდან და ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე პირობების გათანაბრებიდან გავიდა ერთი თვე. აქედან გამომდინარე, ასოციაცია თავს ვალდებულად მიიჩნევს, საზოგადოებას გააცნოს პროცესის მიმდინარეობა და არსებული გამოწვევები.

წლევანდელ წელს ბაზარზე განვითარებული პროცესები არ არის ერთგვაროვანი, რადგან წელს ქართველ ფერმერებს დარჩენილი ჰქონდათ სარეალიზაციოდ შარშანდელი ხორბლის მოსავალი. საქართველოში ახლაც მიმდინარეობს ხორბლის მოსავლის აღების პროცესი.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ივნისის დასაწყისიდან საქართველოს წისქვილკომბინატების მიერ მიღებულია 20 000 ტონა როგორც ძველი, ასევე ახალი მოსავლის ქართულ ხორბალი, რაც ისტორიულად წლების განმავლობაში ივნისის თვეში მიღებული ხორბლის რაოდენობის მრავალწლიან ნორმაზე მეტია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსავლის საკმაოდ დიდი პროცენტი, მათ შორის მარცვლეულის მწარმოებელთა წინასწარი ინფორმაციით სხვადასხვა არსებული არასახარბიელო პირიბებიდან გამომდინარე არის საფურაჟე (ანუ არასასურსათო). შესაბამისად, წისქვილკომბინატები სამწუხაროდ ამ ხორბალს ვერ ჩაიბარებენ.

გამოწვევაა ისიც, რომ წელს ხორბლის რეალიზაციის წლობით ჩამოყალიბებული ტენდენცია შეიცვალა. კერძოდ, თუ წლების განმავლობაში მოსავლის აღების დასაწყისში ფერმერები მხოლოდ აუცილებელი ხარჯების დასაფარად პირველ ეტაპზე ყიდდნენ შეზღუდული რაოდენობის ხორბალს, მოსავლის დაახლოებით 10-15 პროცენტს, ხოლო დანარჩენი ნაწილი საწყობდებოდა ზამთრის თვეებში უფრო მაღალი ფასით რეალიზაციის მიზნით, წელს ბაზრის ტენდენციებიდან გამომდინარე, ფერმერების უმეტესობა მაქსიმალურად ცდილობს, უახლოეს პერიოდში ჩააბარონ ხორბალი.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული მაქსიმალურ წნეხს ქმნის წისქვილებზე დიდი რაოდენობის ხორბლის დროის მოკლე მონაკვეთში მიღების მხრივ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მიუხედავად იმისა, გადაწყვეტილების მიღებიდან გასულია ერთი თვე, წისქვილკომბინატები სრული სიმძლავრეებით ვერ მუშაობენ, რადგან ჯერ კიდევ დიდია წინა თვეებში აგრესიულად შემოსული დიდი რაოდენობის იმპორტირებული ფქვილის გავლენა, როგორც ფქვილის რეალიზაციის პროცესზე, ასევე ფასზე.

გვინდა, შევახსენოთ საზოგადოებას ის პარამეტრები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით სამი ინდუსტრიის - პურის მწარმოებლების, წისქვილკომბინატების და მარცვლეულის მწარმოებლების კონსულტაციების შედეგად პურის ფასის შენარჩუნების, ასევე ქართული ხორბლის ჩაბარების მიზნით დადგინდა: ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის საორიენტაციო ფასი 52 ლარის ფარგლებში, რაზედაც მიება წისქვილების მიერ ქართული ხორბლის შესყიდვის ფასი 70 თეთრი ერთ კილოგრამზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე წისქვილკომბინატების მიერ 70 თეთრად შესყიდული იქნა ძველი მოსავლის ქართული ხორბალი, თუმცა დღევანდელ ეტაპზე ამას ჯერ კიდევ ვერ მიჰყვა კონსულტაციების შედეგად განსაზღვრული ფქვილის სარეალიზაციო ფასი 52 ლარი (1 ტომარა ფქვილი). დღეს პურის ქარხნების მიერ ბაზარზე ფქვილის ფასი 47 ლარის ნიშნულზეა დაფიქსირებული, რამაც ავტომატურად გამოიწვია წისქვილკომბინატების მიერ შესასყიდი ხორბლის ფასის კორექტირება 65 თეთრის ფარგლებში (საბაზისო მე-3 კლასის ხორბალი), გამომდინარე იქიდან, რომ წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის შესასყიდ ფასს პირდაპირ განსაზღვრავს პურის მწარმოებლების მიერ პირველი ხარისხის ფქვილის შესასყიდი ფასი", - წერია ასოციაციის განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×