რეზონანსი
12.07.2023

ვილნიუსის სამიტზე გამოჩნდა, რომ საქართველო უკრაინას დაშორდა, რაც სამწუხაროა, რადგან ნატო-ს კონტექსტში საქართველო უპირობო ლიდერი იყო და რეალურად საქართველო ექაჩებოდა უკრაინას , - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ნატალი საბანაძემ განაცხადა, რითაც საქართველოსა და უკრაინის კონტექსტში ნატო-ს სამიტის შედეგები და G7-ის დეკლარაცია შეაფასა.

როგორც საბანაძე „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსი" განაცხადა, საქართველოს მხრიდან ნატო-ს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრის გამგზავრება, „უცნაური სიგნალი" იყო.

„საქართველო ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო და თავიდანვე იბრძოდა იმისთვის, რომ გამხდარიყო ნატო-ს წევრი იმიტომ, რომ ეს ნიშნავდა უსაფრთხოების გარანტიას. ასპირანტ ქვეყნებს შორის საქართველო წამყვანი ქვეყანა იყო და ამას ნატო აღიარებდა. ამას თან სდევდა ჩვენი მხრიდან დიპლომატიური და პოლიტიკური მოთხოვნა, რომ საქართველოს პროგრესი ეჩვენებინა. დღევანდელი სამიტის პირობებში გასაგებია, რომ მთავარი აქცენტი იყო უკრაინაზე და შვედეთზე.

დღეს ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგეთ. იმ ხალხთან, რომლებიც ადრე ჩვენთვის იბრძოდა, დღეს სხვა დამოკიდებულება გვაქვს. დღეს ასევე ჩვენ გავუშვით უცნაური სიგნალი, იმით რომ სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი გავუშვით. დღეს, რეალურად საქართველო არ დგას უკრაინის მხარეს. ეს არის ის დიპლომატიური ფონი, რომელმაც გამიწვია ის, რომ საქართველო ჩამოშორდა. ჩვენ ეს არ უნდა დაგვეშვა, ეს შეიძლება სხვას გადააბრალო, მაგრამ ეს არ იქნება სწორი. ჩვენ ეს, რომ არ დაგვეშვა, ალბათ ასე არ იქნებოდა. განსაკუთრებით რთული სანახავია ნატო-ს კონტექსტში უკრაინისგან დაშორება. ჩვენ აღმოვჩნდით ბოსნიის და მოლდოვას გვერდით, ასე ვთქვათ სხვა ბანაკში გადავინაცვლეთ. მაშინ, როდესაც მოლდოვა ასპირანტიც არ არის. ბოსნია სახელმწიფოა, რომელსაც პროგრესი არ უჩვენებია დიდი ხნის განმავლობაში. ამიტომ ეს შედეგი ჩვენთვის არ არის დიდი მიღწევა", - განაცხადა საბანაძემ.

ამასთან, მან შეაფასა ნატო-ს სამიტის შედეგები და G7-ის დეკლარაცია უკრაინის კონტექსტში და აღნიშნა, რომ დღევანდელი „დიდი შვიდეულის" განცხადებებმა დააბალანსა ნატო-ს სამიტის თავშეკავებული გზავნილი.

მისი თქმით, „დიდი შვიდეული" თავს დებს უკრაინის დახმარებისთვის.

საბანაძის თქმით, G7-ის გადაწყვეტილება ნიშნავს უკრაინის მომზადებას ალიანსის წევრობისთვის.

„ახლა საკითხი დგას არა იმაზე გაწევრიანდება თუ არა უკრაინა ნატო-ში, არამედ საუბარია, როდის გაწევრიანდება. ზელენსკის მოლოდინი იყო, რომ კონკრეტული ვადები გაიწერებოდა, თუმცა არ იყო მოლოდინი, რომ უკრაინას ალიანსში ახლა მიიწვევდნენ, ეს არარეალურია ომში მყოფი ქვეყნისთვის.

დღევანდელი „დიდი შვიდეული" განცხადებებმა დააბალანსა ნატო-ს სამიტის თავშეკავებული გზავნილი. რეალურად „დიდი შვიდეული" თავს დებს უკრაინის დახმარებისთვის. ძალიან სერიოზულ სამხედრო დახმარებაზეა საუბარი.

G7-ის გადაწყვეტილება ნიშნავს უკრაინის მომზადებას, იმისთვის რომ ალიანსის ერთ-ერთი ძლიერი წევრი გახდეს. იწყება მომზადება იმისთვის, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდეს", - განაცხადა ნატალი საბანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×