რეზონანსი
27.05.2023

კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორის, თამაზ გაიაშვილის თქმით, ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფების დავალებით, რუსეთში ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

როგორც გაიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ომამდე და ომის შემდეგაც ხელისუფლება ამ საკითხზე აქტიურად მუშაობდა.

„ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორი აღნიშნული განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ 2008 წლის ომიდან რამდენიმე თვეში თამაზ გაიაშვილს დაავალეს, ჩასულიყო და დაეწყო პირდაპირი ფრენები რუსეთთან.

„რასაკვირველია, ინფორმაციას ვადასტურებ. ომამდე და ომის შემდეგაც ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა ჩემთან ფრენების აღდგენაზე, რომ მე რუსეთში ეს ამეწია და გამეკეთებინა, რათა დაგვეწყო ფრენები. იქ მრავალი საკითხი იდგა. ერთ-ერთი საკითხი ისიც კი იყო, რომ ყოფილ ავიაკომპანიებს, რომლებიც საქართველოში იყო დაფუძნებული და შემდეგ გაკოტრებული, ჰქონდათ სანავიგაციო დავალიანება, რაც ოთხ თუ ექვს მილიონს შეადგენდა. დამავალეს, მითხრეს, სახელმწიფოს არ შეგვიძლია, ეს რომ გადავიხადოთ და იქნებ რამენაირად თქვენ გადაიხადოთ და შემდეგში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ანაზღაურებული გქონდეთო. რასაკვირველია, მაშინ გადავიხადე სადღაც ორ მილიონზე მეტი თანხა რუსეთის ნავიგაციაში, მერე ფრენების აღდგენაზეც აქტიურად ვმუშაობდი და იმ დროისთვის ხელისუფლებამ მთხოვა, რომ, „აეროფლოტის" გარდა, მარტო ერთი კომპანია იყოსო და ერთი კომპანია იყო. აღდგა ფრენები და დავფრინავდით ორი კომპანია - ჩვენ და „სიბირი". დღევანდელი ხელისუფლების მოსვლამდე, 2013 წლამდე, პრაქტიკულად, დავფრინავდით ორი კომპანია: საქართველოდან - „ჯორჯიან ეარვეისი" და იქიდან - ავიაკომპანია „სიბირი."

მისივე თქმით, აღნიშნულ თემებზე სასაუბროდ მას ეკონომიკის მინისტრი ხვდებოდა.

როგორც გაიაშვილმა აღნიშნა, აქტიურად იყო წამოწეული თემა, რომ რუსეთთან ურთიერთობა დამთბარიყო.

„ეკონომიკის მინისტრი გვხვდებოდა იმავე ვალების თემაზე, რომ მე ეს ვალები დამეფარა და ძალიან ბევრი იყო. ასევე, აქტიურად იყო ეს თემები წამოწეული, რომ რუსეთთან ურთიერთობა დამთბარიყო. იქ იყო ძალიან მკაფიოდ მინიშნება, თუ რა უნდა გვეკეთებინა ჩვენ", - განაცხადა გაიაშვილმა.

მისივე თქმით, ბევრი სპკულაცია მიდის, რომ ტრანზიტული ფრენები დაიწყება და ეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ხელშეწყობა იქნება.

„ბევრი სპეკულაცია მიდის ოპოზიციურ არხებზე, რომ ტრანზიტული ფრენები დაიწყება და ეს იქნება რუსეთის მოქალაქეებისთვის ვითომ ხელის შეწყობა. რუსეთის მოქალაქეებს ჩვენ რას ვერჩით? ჩვეულებრივ მოქალაქეებთან ჩვენ არაფერი არ გვაქვს სასაყვედურო. რაც მოხდა ჩვენს ქვეყნებს შორის, ეს არის ხელმძღვანელობაზე დამოკიდებული და არა - ჩვეულებრივ მოქალაქეებზე. მათ არ აქვთ არანაირი შეზღუდვა რუსეთში ევროპული ვიზების მიღებაზე ან ამერიკის ვიზის მიღებაზე. ისინი მეტწილად თურქეთის, აზერბაიჯანის გავლით მოგზაურობენ, სომხეთის და შუა აზიის ქვეყნების გავლით. დიდი ხანია, გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა სატრანზიტო ჰაბი იყოს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა, რადგან ჩვენი აეროპორტი მაინცდამაინც არ არის ამისთვის გამართული და სათანადო პირობები არ არის ამისთვის ქვეყანაში. ვინმე, რუსეთის მოქალაქე თუ ჩამოვა აქ და შემდეგ სადმე გაფრინდება, ძალიან კარგი, რა პრობლემაა ამაში?! ეს ხომ ფაშიზმია, რომ, იცი რა, თუ რუსი დავინახეთ, ჩვენ მას კვერცხი ვესროლოთ, რაღაც უბედურება ვუქნათ. ჩვენ ხომ ასე არ გვიშვებიან ისინი. რატომაა ეს ხალხი ასე განწყობილი, ჩემთვის გაუგებარია", - აღნიშნა გაიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×