რეზონანსი
12.05.2023

სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც განუხრელად დგას ადამიანის ღირსებისა და მისგან მომდინარე ყველა უფლების სადარაჯოზე, თუმცა, სამწუხაროდ, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ვერ ეგუება საქართველოს წარმატებას და მიზანმიმართულად მოქმედებს, რომ ჩრდილი მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. მსჯავრდებულ სააკაშვილის შემოსახლების პირველივე დღიდან დაიწყო გაურკვეველი წყაროებიდან დაფინანსებული ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს წარმოჩენას ისეთ სახელმწიფოდ, რომელშიც თითქოს ვინმეს აწამებენ. ამ მიზნის მისაღწევად ადამიანთა ეს ჯგუფი იმაზეც კი წავიდა, რომ მსჯავრდებული წაექეზებინათ, ჰქონოდა შიმშილობის 4 ეპიზოდი, არ დამორჩილებოდა ექიმთა რეკომენდაციებს, არ ემკურნალა და გაეუარესებინა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც სხვა არაფერია, თუ არა თვითდაზიანება. ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესების მოტივით თავისუფლების მოპოვების კამპანიის ფარგლებში სამართლებრივი დავა საქართველოში პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულ სააკაშვილის დაცვის მხარისთვის დასრულდა არასასურველი შედეგით. მათ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს და მოითხოვეს დროებით ღონისძიებად სააკაშვილის ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანა. დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმეში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რაც არაერთხელ გვისაუბრია საზოგადოებასთან, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედება მისი შემოსახლების დღიდან იყო კორექტული და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა ღირსეულ თანამშრომელს, რომელიც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებებს. განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს სამედიცინო პერსონალი, რომელიც მრავალი შეურაცხყოფისა და ცილისწამების მიუხედავად ასრულებდა და ასრულებს საკუთარ მოვალეობას და დგას ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე", - აღნიშნა ბრეგაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი 11 აპრილს გადააგზავნეს. ადვოკატები მიხეილ სააკაშვლისთვის სასჯელის გადავებასა და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×