რეზონანსი
26.04.2023

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, მედიკამენტ „ვოსორიტიდთან" დაკავშირებით ცნობილია, რომ მას შეუძლია სიმაღლეში ზრდა, თუმცა სხვა ზეგავლენა შესწავლილი არ არის. როგორც ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საჭიროა დამატებითი კვლევის ჩატარება, რომ

პრეპარატის დადებითი და უარყოფითი შედეგები დადგინდეს.

„თუ ჩვენ რისკებზე ვსაუბრობთ, ყველა ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს და მსოფლიოში არსებობს, ეყრდნობა იმ კვლევას, სადაც შესწავლილი იყო 121 ბავშვი და მათი ზეგავლენა სიმაღლეში ზრდაზე. სხვა ზეგავლენა ამ პრეპარატის, რომელიმე გართულების თავიდან აცილების ან რომელიმე სასიცოცხლო სხვა ფუნქციის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ამ კვლევის არც მიზანი ყოფილა და ეს ინფორმაციაც არ არსებობს. ერთადერთი, რაც ჩვენ ამ პრეპარატზე ვიცით, მწარმოებლის მიერ ჩატარებულო კვლევაა, რაც მიუთითებს იმას, რომ ამ პრეპარატს შეუძლია სიმაღლეში ზრდის უზრუნველყოფა. რაც შეეხება კითხვებს, რომელიც ყველაზე ხშირად ისმის, რა ხდება მომდევნო წლების განმავლობაში, არის თუ არა გართულების რისკი, არის თუ არა შორს მიმავალი შედეგები შესწავლილი კვლევის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ეს ინფორმაცია არ არსებობს. ერთწლიან მონაცემებზე დაყრდნობით გვაქვს ჩვენ ეს ინფორმაცია. შესაბამისად, ერთი რამ ცხადია-ამ პრეპარატს არ აქვს ზეგავლენა იმ გართულებებზე, რაც ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვანია ამ ბავშვებისთვის. ვგულისხმობ ხერხემლის დეფორმაციას, ვგულისხმობ სხვა ცვლილებებს, რომელთა ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, თუმცა, ამ პრეპარატის ზეგავლენა გართულებებთან დაკავშირებით არ არსებობს. ჯერჯერობით, ამ პრეპარატის შორს მიმავალი შედეგები ცნობილი არ არის, როგორც დადებითი, ისე ნეგატიური. არავინ იცის, რა მოხდება 2-3 წლის გამოყენების შემთხვევაში, გრძელდება თუ არა იმავე მოცულობით ზრდა, თუ ეს არის პირველი წლის შედეგი. ძირითადი პოზიცია, რაც ქვეყნებს აქვთ, სწორედ აქედან გამომდინარეობს, არ ვიცით ამ პრეპარატის შორს მიმავალი შედეგები. ჯერჯერობით, ამ კითხვაზე პასუხი არა მხოლოდ საქართველოში, არსად არ არსებობს. სწორედ ამიტომ დამატებითი კვლევებია საჭირო იმისთვის, რომ ნათელი გახდეს ამ პრეპარატის საბოლოო ეფექტურობა და უსაფრთხოება",-განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, კლინიკური კვლევების ჩატარება საქართველოში არ იგეგმება, მითუმეტეს "ვოსორიტიდთან" დაკავშირებით განსაზღვრული არ არის.

"ეს არის უშუალოდ მწარმოებელი კომპანიის გადაწყვეტილება, რომელმაც უნდა ჩართოს ქვეყანა კლინიკური კვლევების სიაში. კვლევების მესამე ფაზა დასრულებულია, საუბარია იმაზე, არსებობს თუ არა რაიმე სხვა ტიპის პრეპარატი, ოღონდ ამავე დანიშნულების მქონე, სადაც შესაძლებელია საქართველო ჩაერთოს",-განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები არა მხოლოდ ფსიქოლოგების ჩართულობას საჭიროებენ, არამედ საჭიროა სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაცია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×