რეზონანსი
26.04.2023

"ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი ამტკიცებს, რომ ყოფილმა ძალოვანმა მუქარა შეუთვალა - მიზეზი შურისძიებაა, რომელიც, მისი თქმით, ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირდება, რომელსაც 2008 წლის ომის დროს რუსებთან იარაღით ვაჭრობის კვალი კეზერაშვილამდე მიჰყავს. სწორედ საფრთხეებისგან თავის არიდებას უკავშირებს კილაძე 100 ათას დოლარად შეფასებული "ტოიოტა ლენდკრუიზერის" ფლობას. ამბობს, რომ პარტნიორმა და მეგობარმა გივი ჯიბლაძე, რომლის ოფისებიდან წაღებულ ტექნიკასაც ახლა პოლიცია სწავლობს, ავტომობილი თავდაცვის მიზნით აჩუქა.

ძვირადღირებული საჩუქრების დარიგება პრობლემად არ მიაჩნია თავად გივი ჯიბლაძეს. სამშენებლო კომპანია "სვეტის" ყოფილი დირექტორი, რომელიც 2018 წელს თაღლითობისა და მოქალაქეების კუთვნილი 3.5 მილიონის მითვისების გამო გაასამართლეს, ამბობს რომ დალუქული "ნომადაუ" არა ქოლ-ცენტრი, არამედ მისი ინოვაციური ბიზნესია. ჯიბლაძის მტკიცებით, მომხმარებლებს ტურისტულ სექტორში ბუქინგის ანალოგიურ მომსახურებას უწევს. ჰყავს ათასობით პარტნიორი, თუმცა ამ მასშტაბებს მხოლოდ რამდენიმე თანამშრომლით ფარავს.

კილაძე-ჯიბლაძე-გელბახიანმა იმის დასამტკიცებლად, რომ ფანჯიკიძის პირველ ნომერში არსებულ ბიზნესცენტრში ქოლ-ცენტრს არ ამუშავებენ, კომპანია "ნომადაუს" რამდენიმე თანამშრომელი "ქრონიკა პლიუსის" რედაქციაში მედიასთან შესახვედრად მოიყვანეს. კომპანიაში დასაქმებულები ამბობენ, რომ 4 თვეა ბიზნესი ბაზარზე აქტიურად ოპერირებს, თუმცა კონკრეტულად რამდენ ტურისტს გაუწია მეგზურობა ამას არ აკონკრეტებენ.

კილაძის ბრალდებებს დღეს ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა და დავით კეზერაშვილის ახლო გარემოცვის წევრმა -პეტრე ცისკარიშვილმა უპასუხა. პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორს ე.წ. ქოლ-ცენტრი ჰქონდეს.

დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" ორ კრიმინალურ ფრთას შორის - ასეთია ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე მმართველი გუნდის შეფასება. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტია თაღლითური სინდიკატის ნაწილია და მხარეები ურთიერთ ბრალდებებით თავის გადარჩენას ცდილობენ.

ფანჯიკიძის პირველ ნომერში არსებულ ბიზნეს-ცენტრში პოლიცია სამი დღის წინ შევიდა. გამოძიებამ ოფისების ნაწილი დალუქა და ათეულობით პროცესორი და კომპიუტერული ტექნიკა ექსპერტიზისთვის ამოიღო. გამოცემა Ongo.ge წყაროზე დაყრდნობით გუშინ წერდა, რომ შენობაში ელისო კილაძის, ვალერი გელბახიანისა და გივი ჯიბლაძის ქოლ-ცენტრი ფუნქციონირებდა, რომლის მიზანიც თაღლითური გზით დიდძალი თანხების მითვისებაა.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×