რეზონანსი
25.04.2023

მე მჯერა ევროპის. ჩემს თავისუფლების მოყვარე ერს ასევე სჯერა ევროპის. დროა, ევროპასაც სჯეროდეს საკუთარი თავის და სჯეროდეს ჩვენი - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პრაღაში საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქვეყანა წარმატებით ნერგავს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სჭირდება მკაფიო და ინსტიტუციური პროცესი, ნაკლებად სუბიექტური და მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულებებით.

"დღევანდელ კრიზისულ პერიოდში, რომელიც, როგორც ჩანს, მალე არ დასრულდება, ევროკავშირს აქვს საუკეთესო დრო იმ როლის და ფუნქციის შესასრულებლად, რისთვისაც ის შეიქმნა: მდგრადი რეგიონული მშვიდობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის შექმნისა და განმტკიცებისთვის. ევროკავშირს შეუძლია, დაიბრუნოს თავისი "რბილი ძალა" სიმართლისა და მორალურობის მხარეს დგომით და იმ ღირებულებების განმტკიცებით, რომლებსაც განასახიერებს ეს ორგანიზაცია. მჯერა, რომ ამისთვის სამი რამ არის მნიშვნელოვანი: პირველი, ევროკავშირმა, როგორც თავად დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის საყოველთაოდ ცნობილმა დამცველმა, უნდა ითანამშრომლოს სხვა დემოკრატიებთან. სხვა პარტნიორ დემოკრატიებს ასევე ბევრი რამ აქვთ გასაზიარებელი, მათ შორის, საქართველოს, რომელიც თავისუფლებისა და მშვიდობის, ევროპის იდენტობის სადარაჯოზე მდგომი ერთგული ოპტიმისტია; რომლის მრავალსაუკუნოვან კულტურას შეუძლია ევროპის გამდიდრება; მეორე, ევროპის სიძლიერე სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მოსაზრებებიდან უნდა მომდინარეობდეს. დეზინფორმაციასთან დეზინფორმაციით ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული. ევროკავშირი ყოველთვის ასოცირდებოდა ნამდვილ პროგრესულ ღირებულებებთან.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში იკვეთება მყარ ფაქტებზე მაღლა აღქმების დაყენების ტენდენცია. დეზინფორმაციის ამჟამინდელ ცუნამში, ევროკავშირის ნამდვილი სიძლიერე იმ მოსაზრებების გაძლიერებაა, რომლებიც არა აღქმებს, არამედ ფაქტებს ეფუძნება. ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა აძლიერებს დემოკრატიას, აღქმებზე დაფუძნებული კი ასუსტებს მას. და მესამე, ევროკავშირში წევრობის დაპირება განმტკიცებული უნდა იყოს მისი ინსტიტუტების თანმიმდევრული მიდგომით, რომელშიც ნაკლებად იქნება სუბიექტური და პარტიული ინტერესები. წევრობის დაპირება საქართველოში დემოკრატიის ხელშეწყობისთვის, კანონის უზენაესობის გაძლიერებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვისთვის ძლიერ ინსტრუმენტს წარმოადგენს. მე მჯერა ევროპის. ჩემს თავისუფლების მოყვარე ერს ასევე სჯერა ევროპის. დროა, ევროპასაც სჯეროდეს საკუთარი თავის და სჯეროდეს ჩვენი," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე პრაღაში უნგრეთის და საფრანგეთის პარლამენტების ვიცე-სპიკერებსაც შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ევროინტეგრაცია და 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×