რეზონანსი
24.04.2023

ვფიქრობ, წლის ბოლოს, ჩვენ ერთად აღვნიშნავთ, რომ ამ ხალხს [აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს] პრეპარატი ექნება და ეს საკითხი გადაწყვეტილი იქნება, - ამის შესახებ ენდოკრინოლოგმა რამაზ ყურაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

მან ისაუბრა აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდზე" და განაცხადა, რომ თუ როგორ „აიტანს პაციენტი აღნიშნულ პრეპარატს", ინდივიდუალურია.

ყურაშვილის თქმით, მედიკამენტის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები ბოლომდე შესწავლილი არ არის.

„თავიდანვე ვიცოდი, რომ მთავრობას მზადყოფნა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ თანხა გადაეხადა. მათგან არ მესმის სიტყვები, რომ არ ვიყიდით, არ მოგვწონს. ყველაფერს თავისი პროტოკოლი აქვს. 50 წელზე მეტია, ამ სიტუაციაში ვმუშაობ, წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირის დროს რომ ვმუშაობდით, ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილეები ამბობდნენ, ინსულინი გინდათ? დიაბეტის მოვლა გინდათო? ამდენი პრობლემა გვაქვს - ინფექციური დაავადებები, ონკოლოგია, კარდიოლოგია, რა დროს დიაბეტია, დიაბეტზე არ მოგცემთ ფულსო, რადგან ეს ფული სხვა ამბებზე გვინდაო. ეს ეპოქა გადავიტანეთ.

ეს გენეტიკური დეფექტია, ერთი წერტილია დაზიანებული, ამის შეცვლა ორი მექანიზმით ხდება - უნდა დაიბლოკოს ის მექანიზმი, რომელიც ხრტილს არ ზრდის, ამას თავისი ასაკი აქვს, ზოგიერთ შემთხვევაში ცოტა შეიძლება ვიჩქაროთ, ზოგიერთ შემთხვევაში - არა. ამ ნივთიერების დაბლოკვა, რომელიც საშუალებას არ აძლევს ძვალი გაიზარდოს, ეს გამოცდილება მიიღეს მეცნიერებმა, ჯერ განსაკუთრებული პრემია მათ არ მიუღიათ, მაგრამ შესაძლებელია, მიიღონ კიდეც, მაგრამ ასე იოლად ვერ მივცემთ პრეპარატს, გვერდითი მოვლენები არ აქვსო. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან სერიოზული არ აქვს, მაგრამ შეიძლება ერთმა ინექციამ ტკივილი გამოიწვიოს, ეს მედიკამენტი ბარძაყის არეში და კუნთებში კეთდება, ამ ნივთიერებას შენახვა უნდა... ამ წამალს უნდა მენეჯმენტი, უნდა გაიწეროს ყველაფერი, რადგან ამ ინექციის შემდეგ, ბავშვს შეიძლება საშიში მდგომარეობა ჰქონდეს, მათ შორის, წნევის დაცემა და თავბრუსხვევა. ესენი ხომ სტაციონარში არ იმყოფებიან? ესენი ამბულატორიული პაციენტები არიან, იქნება ცხელი ხაზი, ე.წ. მწვრთნელები, ამ პერსონალის დატრენინგებაა საჭირო, დედის გარდა, დამხმარე უნდა იყოს, ვინც საქმის კურსში იქნება, სამინისტროშიც შეიძლება იყოს სპეციალისტი, რომელიც ამასთან დაკავშირებით ახსნის დეტალებს. ინექციის ადგილას შეიძლება ტკივილი იყოს, ან შემდეგ გაუჩნდეს მუცლის არეში ტკივილი - 11 ჩამონათვალია, ამ ნეგატიური სიმპტომებით არ დავაშინოთ მაყურებელი, მაგრამ ბოლომდე შესწავლილი არ არის მოსალოდნელი უარყოფითი ამბები. ცენტრული ნერვული სისტემა ბოლომდე შესწავლილი არაა, შეიძლება ორგანოების ასიმეტრიულად განვითარება მოხდეს, ეს პრეპარატი ავადმყოფს 20 სმ-ს აძლევს, შეიძლება, მეტსაც, გარკვეული დროის განმავლობაში, მერე აღარ მოქმედებს. რენტგენით დაადგენენ ძვალს აქვს თუ არა გაზრდის უნარი და მერე აძლევენ მას, თავის ქალასაც ხედავენ, შეხორცებულია თუ არა, რომ მოასწრონ. აქ წინააღმდეგობას, ისეთს, რომ გადაულახავი იყოს, ვერ ვხედავ, დაპირება არის - მინისტრის დაპირებაა, პრემიერ-მინისტრის გვინდაო, პრემიერ-მინისტრის დაპირებაც არის, სამინისტროც პროტოკოლებს ადგენს... ვფიქრობ, წლის ბოლოს, ჩვენ ერთად აღვნიშნავთ, რომ ამ ხალხს პრეპარატი ექნება და ეს საკითხი გადაწყვეტილი იქნება.

ინდივიდუალურია, თუ როგორ აიტანს პაციენტი ამ პრეპარატს. თითოეულ წამალზე პასუხისმგებლობა ვის აქვს? ვინც ამ წამალს აძლევს და არა იმას, ვინც ყიდულობს. მშობლები ხომ ვერ გაუკეთებენ ამ პრეპარატს? თუ პროტოკოლი არ არსებობს, ექიმები პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ, როგორც კი გართულდება, მშობელი ვისზე გაბრაზდება? ვიღაც ბიუროკრატზე კი არა, რომელიც სამინისტროშია, გაბრაზდება ექიმზე, ვინც ეს წამალი მისცა, ექიმი დაისჯება და ექიმი დაუცველი იქნება.

ყველას ზომიერებისკენ მოვუწოდებ, ნერვებს ნუ მოიშლიან ზედმეტად, ვიღაცებს ნუ აჰყვებიან, ვისაც ამასთან დაკავშირებით გული არ სტკივა. საბოლოო ჯამში, მაინც ექიმი წყვეტს ამ საკითხს, რომელიც თავის თავზე პასუხისმგებლობას აიღებს", - განაცხადა ყურაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×