სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მთავრობა აცხადებს, 2 კვირაში მზად ექნება საკანონმდებლო პაკეტი, რომლის წყალობითაც საქართველოს უცხოელი ბიზნესმენები მოაწყდებიან
    ეკა გულუა
    30.09.2009

    ეკონომიკური გუნდის მინისტრები აქცენტს უცხოელ ინვესტორებზე ამახვილებენ და ირწმუნებიან, რომ ახალი საკანონმდებლო პაკეტი მათ საქართველოში ბიზნესის კეთების მეტ გარანტიებს მისცემს. რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, ჯერჯერობით ინფორმაციები საიდუმლოდ რჩება.
    ნიკა გილაური: "მთავრობა რამდენიმე თვეა ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს. ვხედავთ, რომ საქართველოში ეკონომიკური აქტივობის ზრდა შეინიშნება და ინვესტორები ჩამოედინებიან. შესაბამისად, გვინდა პროცესები შეუქცევადი გავხადოთ. ინვესტორების მთავარო მოწონება სწორედ ეს რეფორმებია, რომელიც საქართველოში უკვე დაწყებულია. ინვესტორების მთავარი კითხვაა პროცესი რამდენად შეუქცევადია. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ეს ყველაფერი საკანონმდებლო ჩარჩოებში მოგვექცია."
    "რეზონანსის" კითხვას, ხელისუფლება ბიზნესმენებს კონკრეტულად რა ცვლილებებს სთავაზობს, პრემიერმა არ უპასუხა:
    "კონკრეტიკაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, შესაძლებელია ცვლილებები კონსტიტუციაშიც შევიდეს. მთავრობა პარლამენტს კონკრეტულ კანონპროექტს 2 კვირაში წარუდგენს."
    დეტალებზე საუბარს თავს არიდებს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილიც. იგი მხოლოდ ლიბერალიზაციასა და უცხოური ინვესტორების მოზიდვაზე საუბრობს: "საუბარია ეკონომიკის ლიბერალიზაციაზე. დღეს, როცა უამრავი ქვეყანა ეკონომიკის რეპრესირებას ახდენს, ჩვენი ამოცანაა, პირევლ რიგში რეფორმები შეუქცევადი გავხადოთ, რომ მეტი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ. ახალი საკანონმდებლო პაკეტი მეწარმეებისთვის ნიშნავს მეტ ლიბერალიზაციასა და დაბალ საგადასახადო განაკვეთებს. ეს კი მათი ბიზნესის განვითარების საფუძველია".
    "რეზონანსის" კითხვას გადასახადები ხომ არ შემცირდება, მაგალითად, მოგების გადასახადი, რომლის გაუქმებასაც საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს, მინისტრი ასე პასუხობს: "ამ კანონპროექტით გადასახადები არ მცირდება. გადასახადების გაზრდა კი ნამდვილად გართულდება."
    ერთადერთი, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნულ ეკონომიკურ პაკეტთან დაკავშირებით აცხადებს, ის არის, რომ გადასახადები სტაბილური იქნება და გაზრდა არ მოხდება.
    დავით ბაქრაძე: "ეკონომიკური განვითარების შესანარჩუნებლად აუცილებელია, ბიზნესმენებს სტაბილურობის გარანტია მიეცეთ. მათ განცდა უნდა ჰქონდეთ, რომ დაცულ ბიზნეს გარემოში იმოქმედებენ და ეკონომიკური თვისუფლება არ შეეზღუდებათ. საკანონმდებლო პაკეტში საუბარი იქნება სტაბილურობაზე როგორც გადასახადების დონესთან, ისე სამოქმედო გარემოსთან მიმართებაში".
    რაც შეეხება კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აღნიშნული სიახლეები ყველაზე მაღალი დონით, კონსტიტუციით უნდა გამყარდეს: "ეკონომიკური გარანტიები კანონის ფორმით ჩამოყალიბდება, ვინაიდან ყველაზე კარგი დაცვა სწორედ საკანონმდებლო დაცვაა. გამორიცხული არ არის, საკანონმდებლო დაცვისთვის ყველაზე მაღალი სტანდარტი მივიღოთ, ისეთი როგორიც საკონსტიტუციო გარანტიაა. არ გამოვრიცხავ, ცვლილებები კონსტიტუციაშიც შევიტანოთ, რომლითაც ყველა აღნიშნული სიახლე დაკანონდება."
    რაც შეეხება ადგილობრივ მეწარმეებსა და წვრილ თუ მსხვილ ბიზნესმენებს, აღნიშნული კატეგორია ნაკლებად ახსენდებათ და აქცენტი უცხოურზე კეთდება.
    "რეზონანსის" კითხვას, ახალი საკანონმდებლო პაკეტი ადგილობრივებს როგორ შეეხებათ და კონკრეტულად რა შეღავათებს მიიღებენ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მელაძე პასუხობს:
    "ისინი მაქსიმალურად დაცულები იქნებიან და ეკონომიკური სტაბილურობის განცდა ექნებათ. ეკონომიკური ლიბერალიზაცია ნიშნავს, რომ სახელმწიფო ისეთ ეკონომიკურ გარემოს შექმნის, ადგილობრივ წარმოებასა და უცხოურ ინვესტორებს ხელშემწყობი პირობა შეექმნებათ. კონსტიტუციაში მხოლოდ ერთი ჩანაწერი გაკეთდება, რომელიც ზოგადად ლიბერალური ეკონომიკის გარანტია იქნება."
    მორიგ კითხვას, საკანონმდებლო პაკეტი საკუთრების უფლების გამყარებასაც ხომ არ შეეხება, მელაძემ უპასუხა, რომ ყველაფერი 2 კვირაში გაირკვევა.
    მართალია, მთავრობა აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყების თუ განვითარებისთვის საუკეთესო გარემოა, თუმცა, ოპონენტები აცხადებენ, რომ ბიზნესი დღეს საკმაოდ ცუდ დღეშია. აღნიშნულის დასადასტურებელი დაახლოებით ერთი კვირის წინ მიღებული მერიის გადაწყვეტილება გახლავთ, რომლითაც ტენდერში გამარჯვებულ "სითი-პარკს" ხელშეკრულება გაუწყვიტეს. ოპონენტების შეფასებით, მსგავსი ფაქტები ბიზნესს კი არ მოიზიდავს, პირიქით, დააფრთხობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter