რეზონანსი
31.03.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება იყო.

„დიდი პატივია დღეს ჩემთვის თქვენს წინაშე გამოსვლა. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ მოვისმენთ რაჟდენ კუპრაშვილისგან მის ხედვას, პრეზენტაციას, თუ როგორი სამსახური უნდა შეიქმნას. მანამდე, მინდა ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს მეგობრებს, თუ რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 10 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, შემდეგ თავისუფალ ვაჭრობას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი და გასულ წელს ჩვენმა ქვეყანამ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ასეთივე ისტორიული გადაწყვეტილება იყო შარშან, 17 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა. ეს არის ხმამაღალი აღიარება ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მისწრაფებისა, და ამავე დროს, ახალი ისტორიული ეპოქის დასაწყისი.

ძვირფასო მეგობრებო, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ შარშან გადმოგვეცა 12 რეკომენდაცია, რომლის შესრულებაც ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო მყისიერად. პარლამენტმა გასწია ძალიან დიდი სამუშაო, შეიქმნა შესაბამისი სამუშაო ჯგუფები და ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა და კეთდება იმისთვის, რომ ხელისუფლების მიერ შესასრულებელი ყველა ვალდებულება იყოს შესრულებული პირნათლად. ამ 12- პუნქტიან გეგმაში მე-4 რეკომენდაცია გულისხმობს ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებას, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო.

მინდა აღვნიშნო, რომ ბიურო გამოირჩევა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, რაც ასევე მოიცავს ფინანსურ დამოუკიდებლობასაც. იგი პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე, რაც გულისხმობს მათ წინაშე ყოველწლიურ ანგარიშგებას. ბიუროს უფროსის კანდიდატები შეირჩა დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც აერთიანებდა სახელმწიფო უწყებათა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სწორედ ამ კომისიის მიერ შემოთავაზებული კანდიდატების სიიდან დაინიშნა ბიუროს უფროსი, ბატონი რაჟდენ კუპრაშვილი. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ წარმატებები”, - განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×