რეზონანსი
29.03.2023

ევროპამ ჩვენ გვითხრა: „ძმებო, ქართველებო, თქვენ მნიშვნელოვნად გაქვთ გადახვეული იმ ტიპის სახელმწიფოებრიობისგან, რომელიც ევროპაშია", - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.

ოპოზიციონერმა პოლიიტკოსმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ ევროპა ყოველთვის იყო და არის მონდომებული, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში უკრაინასა და მოლდოვას დაეწიოს.

„ევროპა იყო მონდომებული და რჩება მონდომებული, რომ საქართველო ამ პროცესში დაეწიოს ამ ორ პოლიტიკურად მეზობელ ქვეყანას. ბურთი ჩვენს მოედანზეა. ევროპამ შარშან ივნისში გვითხრა, რომ საქართველო მკვეთრად ჩამორჩა თავისივე სტანდარტს, რომელიც წინა წლების განმავლობაში ჰქონდა. ძალიან კონკრეტული ვადა და კონკრეტული რეკომენდაციები მოგვცა. ამ რეკომენდაციების მცირე ნაწილი კარგად შესრულდა, დიდი ნაწილი ისე რა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხები სულ არ შესრულებულა. ახლა ამას ვერც შარლ მიშელი უშველის და ვერც მე და თქვენ აქ, თუ რამე არ ვიღონეთ ყველამ ერთად, დარჩენილ დროში.

12 რეკომენდაცია არ არის მესამეკლასელის ერთუცნობიანი განტოლება. X+3=9-ს, რას უდრის X? და ამაზე ახლა ყველამ ერთი პასუხი უნდა გავცეთ. 12 პუნქტი და ეს რეკომენდაციები არის საკმაოდ მკაფიო და საკმაოდ ტევადი. იქ არ არის ლაპარაკი ტექნიკურ საკითხებზე. იქ ლაპარაკია სულისკვეთებაზე. 12 პუნქტს ერთად თუ დავდებთ და ჩავხედავთ, ევროპამ ჩვენ გვითხრა, „ძმებო ქართველებო, თქვენ მნიშვნელოვნად გაქვთ გადახვეული იმ ტიპის სახელმწიფოებრიობისგან, რომელიც ევროპაშია. თქვენ მნიშვნელოვნად სხვაგვარად ცხოვრობთ და სხვაგვარად ცდილობთ თქვენი საკითხების მოგვარებას თუ არევ-დარევას, ვიდრე ეს ევროპაშია მიღებული"," - განაცხადა უსუფაშვილმა.

მან გადაცემაში ასევე „ლელოს" გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიაში რეფორმები და საკადრო გადაადგილებები იქნება.

„მიდის აქტიური მსჯელობა და ამაზე შემოდგომაზეც გვქონდა საუბარი, რომ გვექნება შიდა რეფორმები და გადაადგილებები და დიახ, ჩვენ ჩავდგით ერთი სერიოზული სკამი. იმ სამ ლიდერთან, რომელსაც ასახელებდნენ ხოლმე - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილთან, ახლა ჩავდგით მეოთხე სკამი, რომელზეც ადგილი დაიკავა ირაკლი კუპრაძემ, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსია," - აღნიშნა მან.

წამყვანის მიერ დასმულ კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უსუფაშვილი პოლიტიკურ მომავალს „ლელოში" ვეღარ ხედავს, უსუფაშვილი პასუხობს, რომ „დავით უსუფაშვილი თუ რაიმე პარტიასთან ერთად ხედავს პოლიტიკურ მომავალს, ეს არის „ლელო"."

„აუცილებლად და მე „ლელოელი" ახლა უფრო ვარ, ვიდრე გუშინ, სანამ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვიყავი", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×